აჭარაში მეტყევის დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია – „აჭარის ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა“ მოეწყო

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ინიციატივით დღეს, მეტყევის დღესთან დაკავშირებით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს სააქტო დარბაზში პრეზენტაცია მოეწყო, „აჭარის ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა“. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას, მეტყევეებთან და გარემოს დამცველებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ. თავმჯდომარემ და მინისტრმა, მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცეს და სატყეო სექტორში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
„დღეს ჩვენ მადლობის სიგელები გადავეცით მეტყევეებს, იმ რთული და ხშირ შემთხვევაში რისკის შემცველი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ტყე ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი რესურსია და ის განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. ჩვენ ერთად შევძლებთ, დარგი განსაკუთრებულად წარმატებული გავხადოთ და განვითარებისთვის დასახულ მიზნებს მივაღწიოთ“- განაცხადა შეხვედრისას მინისტრმა.

მეტყევის დღის კვირეულის ფარგლებში ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა გამწვანების აქცია, დაირგვება 850 ძირი ფიჭვის, კედარის, კვიპაროსისა და ტუიას ნერგი. ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქციაში ჩართული არიან მოსწავლეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები