მხატვრის ოჯახში დაიბადა. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ სხვა პროფესია აირჩია… შემდეგ ისე მოხდა, რომ ხატვას ისევ მიუბრუნდა… პროფესიით ბუღალტერი და თვითნასწავლი მხატვარია.
ამბობს, რომ სურს, ადამიანებმა იგრძნონ, რისი გადმოცემაც მას უნდა და ეს არის მხოლოდ „სიყვარული“… – ანი კალანდაძის პერსონა.
– მხატვარ ზურაბ კალანდაძის ოჯახში გაიზარდეთ, რაც, ბუნებრივია, თქვენზეც მოახდენდა ზეგავლენას…
– დავიბადე თბილისში, მამაჩემი მხატვარი ზურაბ კალანდაძეა… ბავშვობიდან მიყვარს ხატვა. დროდადრო ახლაც ვპოულობ ძველ ჩანახატებს და ბავშვობის შეგრძნებები მიახლდება. დედაჩემი მასწავლებელი იყო და მახსოვს, ჩუმად როგორ ჩავუხატე ბავშვების საკონტროლოს რვეულებში… მაშინ 5 წლის ვიქნებოდი…
– მხატვრობის გზას არ გაჰყევით, განსხვავებული პროფესია აირჩიეთ… როცა გარემო ყველანაირად ხელს გიწყობდათ, უფროსი დაც ხელოვანია….
– მიუხედავად იმისა, რომ მამაც და დაც მხატვარი მყავს, მე არ გავყევი მხატვრობას.. პროფესიით ბუღალტერი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც კიდევ უნდა მეკეთებინა, რაც სულიერად მჭირდებოდა…
– სულ ერთი წელია, ხატვა დაიწყეთ… პირველი ნახატები…
– დაახლოებით ერთი წლის წინ სრულიად დაუგეგმავად ავიღე მამის ტილო და შევეცადე, გადმომეცა დედაშვილობის სითბო, რადგან ეს გრძნობა ჩემთვის ყველაზე სათნოა.
– ქალი, ქალი და მამაკაცი, ქალი და ბავშვი… – ნატიფად შესრულებული ფერწერა სინაზის, სიფაქიზის და სიმშვიდის განცდას ბადებს…
– მსურს ჩემს ნახატებს ჰქონდეს უფრო სულიერი დატვირთვა, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რისი გადმოცემაც მინდა… და ეს არის მხოლოდ სიყვარული…
– თქვენმა ნამუშევრებმა მოულოდნელად ამერიკელი ხელოვანის სუზანა ლორდის ქალის და მამაკაცის ხელნაკეთი სკულპტურული ფიგურების სერია გამახსენა… ბედნიერების განწყობას ქმნის ხოლმე…
– დიდი მადლობა…
– საინტერესო ამბავი, რაც უკავშირდება რომელიმე ნამუშევარს….
– თითქმის ყველა ნახატს განსაკუთრებული ისტორია აქვს, გავიხსენებ ერთ – ერთს, როდესაც ემიგრანტმა დედამ მთხოვა, თავისი ოჯახის ისტორიის შექმნა – „ისევ ერთად“. რომ დავასრულე, დედამ ემოცია ვერ დამალა და ატირდა…
– როგორ ახერხებთ ძირითადი საქმიანობის და ხატვის შეთავსებას?
– ხატვისთვის დრო, ძირითადად, საღამოობით მრჩება…
– დღეს უამრავი ადამიანი ხატავს. როგორ უნდა შეძლოს შემოქმედმა, რომ იყოს ორიგინალური და სხვას არ ჰგავდეს?
– პირველ რიგში, ვფიქრობ, მხატვარმა უნდა შექმნას ტილო თავისი ხედვით, ემოციით და განწყობით. შემოქმედის უნიკალურობა სწორედ ესაა…
– გაქვთ გვერდი: ანი კალანდაძე Art. თქვენი ნამუშევრები ბევრს მოსწონს… სამომავლოდ გამოფენას თუ აპირებთ?
– ხალხის სიყვარული, რომელსაც ვიღებ, მაძლევს მოტივაციას, გავაგრძელო ხატვა. მათგან ძალიან დიდი სითბო მოდის. გამოფენას არ ვგეგმავ ამ ეტაპზე…
– თქვენს გოგონასაც თუ უყვარს ხატვა?
– კი, ჩემი გოგონაც ხატავს…
– მამა თუ აფასებს ხოლმე თქვენს ნამუშევრებს? ალბათ მამის რჩევა საინტერესო იქნება…
– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვიღებ მის კრიტიკასაც…
– სამომავლო გეგმები…
– გეგმებს ნაკლებად ვსახავ, რადგან მხოლოდ ჩვენს მიზანზე არ არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი…
P. S. დიდი მადლობა ყველას ვინც ჩემს ნამუშევრებს აფასებს.
თამარ შაიშმელაშვილი