დამთავრდება თუ არა COVID-ის პანდემია? – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

პიკის პერიოდები უკვე გავიარეთ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ პანდემია უახლოეს დროში არ დამთავრდება და კორონავირუსი მალე არ გაქრება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასრულება ჯერ მოსალოდნელი არ არის, მაინც შესამჩნევია ეპიდვითარების დასტაბილურება კლების ტენდენციით.

„ყველას აინტერესებს, დამთავრდება თუ არა COVID-ის პანდემია, დარჩება თუ არა კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებაში. მართალია, პიკის პერიოდები უკვე გავიარეთ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ პანდემია უახლოეს დროში არ დამთავრდება და კორონავირუსი მალე არ გაქრება. ბოლო თვეებში მსოფლიოშიც და საქართველოშიც ეპიდვითარება დასტაბილურდა კლების ტენდენციით. თუ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 1 მილიონზე მეტი იყო, ახლა, დაახლოებით, 500-700 ათასის ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მაინც არ არის სწორი ის აზრი, რომ იგი საფრთხეს არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის. მსოფლიოში ბოლო თვეებში, ყოველდღიურად, COVID -ით 1000-დან 2000-მდე გარდაცვალება ფიქსირდებოდა, რაც „დელტა“ შტამით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე ბევრად ნაკლებია, მაგრამ ცოტა მაინც არ არის. მსგავსი ტენდენციაა საქართველოშიც. თუ ჯერ კიდევ 1 თვის წინ ყოველდღიურად საშუალოდ COVID-ის დაახლოებით 1800 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა განახევრებულია შემდგომი კლების ტენდენციით”, – განაცხადა ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები