თენგიზ ცერცვაძე: სადღეისოდ ჩვენ COVID-ს თითქმის ისე ვმართავთ, როგორც რიგით რესპირაციულ ინფექციას, ეს დიდი მიღწევაა

სადღეისოდ ჩვენ COVID-ს თითქმის ისე ვმართავთ, როგორც რიგით რესპირაციულ ინფექციას. ეს დიდი მიღწევაა. კერძოდ, თუ ადრე COVID პანდემია ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენდა ადამიანის სიცოცხლეზე და ცხოვრების ხარისხზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე, ახლა ასე აღარ არის, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოში გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, შემცირდა დამძიმებული პაციენტების შემთხვევებიც.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით, ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოში COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპისა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, რომლებიც COVID-ის მართვაში ყველაზე წარმატებულად ითვლება (სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, იაპონია და სხვ.). ასევე, შემცირდა დაავადების დამძიმების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. თუ 1-2 თვის წინ, ქვეყანაში 1000-ზე მეტი ჰოსპიტალიზებული COVID პაციენტი იყო, ახლა მხოლოდ 500-მდე გვყავს. სწორედ ამ დინამიკამ მოგვცა იმის თქმის უფლება, რომ სადღეისოდ ჩვენ COVID-ს თითქმის ისე ვმართავთ, როგორც რიგით რესპირაციულ ინფექციას. ეს დიდი მიღწევაა. კერძოდ, თუ ადრე COVID პანდემია ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენდა ადამიანის სიცოცხლეზე და ცხოვრების ხარისხზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე, ახლა ასე აღარ არის. COVID-ის, როგორც რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა ნიშნავს, რომ COVID გარდაცვალების შემთხვევები არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების, მაგალითად, გრიპის დროს გარდაცვალების შემთხვევებს, რომ თუ კორონავირუსით დაინფიცირდებით, დროულად მიმართავთ ექიმს და შეასრულებთ მის რეკომენდაციებს, COVID-ს გადაიტანთ, როგორც რიგით რესპირაციულ ინფექციას. სწორედ ეს არის სადღეისოდ მთელ მსოფლიოში ძირითადი მიზანი და საქართველომ ეს ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ იქნება საჭირო ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უდიდეს პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას. შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდ არის დაცული და COVID-ი პრაქტიკულად არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ცხოვრების ხარისხზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები