„მხატვრობამ მასწავლა, სხვა თვალით შემეხედა სამყაროსთვის“ – რუსი ხელოვანი, რომელიც საქართველოს მთებს, პეიზაჟებს და თბილისის ხედებს ხატავს

ხატვა სკოლიდან უყვარდა. აქტიურად მონაწილეობდა  სასკოლო გამოფენებში… სკოლა და ინსტიტუტი პერმში დაამთავრა. ერთხანს აღარ უხატია…  ხატვის სურვილი მოგვიანებით ისევ გაჩნდა. იმხანად მისი გზა თბილისთან გადაიკვეთა… თავიდან აკვარელით, შემდეგ ზეთით და აკრილით ხატავდა, უმეტესად – თბილისის ხედებს…
2019 წელს დაოჯახდა. თბილისში ცხოვრობს და ხატავს საქართველოს ბუნებას, სხვადასხვა კუთხეს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს… – თვითნასწავლი მხატვრის, ანასტასია კუზმინას პერსონა.

 – რუსეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ. თუ ფიქრობდით, რომ ოდესმე ხატვას დაიწყებდით?
– ხატვის სიყვარული  უმაღლესი კლასებიდან დაიწყო, ვმონაწილეობდი სასკოლო გამოფენებში, მეგობართან ერთად ვაფორმებდი სკოლის კუთხეებს,  სხვადასხვა რეკვიზიტს  ღონისძიებებისთვის, მედლებს, სიგელებს (იმ დროს პრინტერებისა და კომპიუტერების ეპოქა ის-ისაა იწყებოდა).
ოჯახში შემოქმედებითი პროფესიის მქონე არავინ იყო: დედა  ფარმაცევტი, მამა ელექტროინჟინერი, უფროსი ძმა კი – პროგრამისტია.
ორი უფროსი კლასი უკვე ქალაქ პერმში დავამთავრე და ინსტიტუტიც – იქვე.  სოფლიდან გადასვლის შემდეგ, ხატვამ უკანა პლანზე გადაიწია,  შემდეგ კი მთლიანად გაქრა… შემდეგ  ვმუშაობდი გაყიდვების მენეჯერად კომპიუტერულ კომპანიაში …

სკოლის მოსწავლე

– თქვენი გზა თბილისთან გადაიკვეთა… მოგვიანებით დაუბრუნდით ხატვა…
– ასე გაფრინდა 10 წელი სამსახურში და  გადავწყვიტე,  რაღაც უნდა შემეცვალა. ეს მე მჭირდებოდა,  მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც გამახარებდა.
გამიტაცა  ჯვარედინმა ნაკერმა,  მაგრამ ძალიან დიდი დრო მიჰქონდა.
და ამ დროს არქიტექტორი მეგობარი მთავაზობს ლანდშაფტის დიზაინის შესწავლას, გარდა მცენარეების, ლანდშაფტებისა და კლიმატის სპეციფიკის ცოდნისა, საჭირო იყო ხატვა, დიზაინის ესკიზების შექმნა…  ასე დავიწყე ფერწერის საფუძვლიანი დაუფლება…

პერმის მხარე

მერე კი ჩემი ძმა და მისი მეუღლე საქართველოში დასასვენებლად მიიწვიეს, თვითონაც თითქმის იქ  დასახლდნენ, პატარა სასტუმრო  გახსნეს.
ჩავფრინდი, ვიმოგზაურე სვანეთის ბევრ რაიონში, რაჭაში… როგორ შეიძლებოდა, არ შემყვარებოდა  ეს სილამაზე და ფერები… სვანეთის მთებმა დამიპყრო, რაჭა  კი ისეთი თვალწარმტაცი იყო, თვალს ვერ ვაშორებდი…
პერმში ჩასვლისას სამსახურიდან წამოვედი, ნივთები ჩავალაგე და თბილისში დავბრუნდი…

პერმში

თავისუფალ დროს დავხატე თბილისის ქუჩების პატარა გრაფიკული ჩანახატები და აკვარელიც მოვსინჯე.  8 – თვიანი მუშაობის შემდეგ  მოსკოვში ჩემს ძმასთან ჩავფრინდი და  სერიოზული  შესწავლა დავიწყე ყველაფრისა, რაც მხატვრობას  უკავშირდებოდა. მთავარი იყო დრო და რესურსი, ძმა ტოლიკი ყველაფერში მტკიცედ მეხმარებოდა!
ინტერნეტში იმდენი შესაძლებლობაა, ისწავლო ყველაფერი, რასაც მოისურვებ, ონლაინგაკვეთილებია,  შეგიძლია გადმოწერო ნებისმიერი სახელმძღვანელო, ლექციები, ეს ყველაფერი დამეხმარა.
გარდა ამისა, ჩემს მეგობარს, არქიტექტორს, როგორც მენტორს, მასწავლებელს, ახლაც ვუგზავნი  ნახატის ფოტოს და ის მეუბნება, კიდევ რა როგორ  უნდა დამუშავდეს.

საქართველოში პირველად ჩამოსვლისას

– 2019 წლიდან თბილისში ცხოვრობთ… თბილისის ხედებს ხატავთ…
– ისე მოხდა, რომ 2018 წლის აგვისტოდან ისევ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, მაგრამ მოსკოვიდან ტოლიკთან ერთად ჩემზე ადრე ჩამოვიდნენ ჩემი ნახატები და დაამშვენეს კატიას სასტუმრო. შეიძლება ითქვას, ეს ჩემი პირველი გამოფენა იყო!
ჩემი ძმის ფოტოების მიხედვით ვხატავდი…  სხვადასხვანაირ მთებს, რადგან საქართველოს თითოეულ კუთეს აქვს განსაკუთრებული მთები. მიყვარს ძველი თბილისის ქუჩების ხატვაც…
– შთაგონებას რა გაძლევთ?
– ნახატში მნიშვნელოვანია, რომ მომწონდეს ის, რისი გამოსახვაც და შექმნაც მინდა ისე, როგორც ვხედავ  (თუ მაიძულებენ, მაგრამ არ მომწონს, არაფერი გამომდის).
– თქვენს ნამუშევრებში ლამაზი ფერებია… გიყვართ ბუნების ხედების დახატვა…
– ყოველთვის მომწონდა ნაცრისფერის შელამაზება… ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ვერც კი ამჩნევს  მზის ფერად ჩასვლას და უჩვეულო ღრუბლებს. მხატვრობამ მასწავლა, სხვა თვალით შემეხედა სამყაროსთვის, და მე ვხედავ მას –  მდიდრულ და ნათელ ფერებში.
– როგორ იქმნება ნახატები?
– თავიდან სიუჟეტს ვირჩევ, თითქოს არარსებულის დახატვა მსურს, ანუ რამდენიმე მითითებულ ფოტოს ვიღებ და ერთ ნახატში ვაერთიანებ. მაგალითად:  BagratisWine-ის მეღვინეობის ნახატი…  ნატურმორტში ყველაფერი სხვადასხვა წყაროდან არის აღებული…   მეღვინე გიორგის მეუღლემ  –  ნატალიამ  სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, ბეღლის თავზე ავიდა და  ვენახებისა და მთების ის ხედი შორიდან გადაიღო, რომელიც მინდოდა სურათზე ასახულიყო…
თუ ნახატი შეკვეთილია, ყოველთვის ვთხოვ, მითხრან, რა ადგილია და რას ნიშნავს, რა ემოციებს განიცდიან და  სად „იცხოვრებს“ ნახატი.
შემდეგ უკვე ვფიქრობ ზომაზე, ფანქრით ვხატავ  ესკიზს და ვიწყებ  საღებავებით… ნამუშევარი დამოკიდებულია იმაზე,  რა საღებავებს გამოვიყენებ, თუ აკრილს, მაშინვე შრება და  უფრო სწრაფად ვმუშაობ, თუ – ზეთს,  დიდი დრო სჭირდება, ჯერ პირველ  ფენას ვაკეთებ (ქვემოხატვა), ვშორდები  თეთრ ტილოს, ტილოს მთელ სივრცეს ფერადი ლაქებით ვფარავ.
პირველი ფენის გაშრობის შემდეგ ვიწყებ დეტალიზაციას და აქცენტების განაწილებას.
თუ ნახატი ზეთითაა შესრულებული, ის უფრო ნაზი გამოდის და შესაძლებელია ფერებში გლუვი გადასვლები.
აკრილით მუშაობა სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან ის მყისიერად შრება, თუმცა დახატვის მერე სურათი უნდა დაიფაროს ლაქით და ასევე ნაზი და კონტრასტული გახდება.
– თქვენი მეუღლის პაპა ფეხით ჩამოვიდა სვერდლოვსკიდან თბილისში…
– ჩემი მეუღლე მესამე თაობაა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, მისი პაპა თბილისში ფეხით ჩამოვიდა სვერდლოვსკის ოლქიდან. დიდი პაპა საქართველოში, კახეთში  მსახურობდა და სამშობლოში დაბრუნებულმა  უამბო თავისიანებს, როგორი ნაყოფიერი და თბილი იყო აქაურობა.
30-იან წლებში, როცა შიმშილობა დაიწყო, პაპამ გადაწყვიტა საქართველოში წამოსვლა, დასაკარგი არაფერი ჰქონდა, რამდენიმე წელი მოდიოდა, დასახლებებში ჩერდებოდა, გაუძლო სიცივეს, გაჭირვებას და ასე მოაღწია საქართველომდე.
მეუღლე ვორონეჟის ოლქელი ჰყავდა.  შემდეგ, ჩემი მეუღლის მამამაც იმავე სოფლიდან მოიყვანა ცოლი. ასე რომ, ჩემი ქმარი ანდრეი კუზმინი ძირძველი თბილისელია.
–  როგორ გეხმარებათ ოჯახი შემოქმედებით საქმიანობაში?
– მოხდა ისე, რომ ჩემი ძმის მეუღლემ – კატიამ გიდობა გადაწყვიტა და კურსებზე დაიწყო სიარული.  გაჩნდა ახალი სამეგობრო წრე. კურსებზე ჩემი მომავალი მეუღლეც დადიოდა.
კიდევ ერთი საერთო მეგობარი, რომელიც მათთან ერთად სწავლობდა, ჩავიდა  მოსკოვში და ჩემს ძმასთან დარჩა… საღამოს  ანდრეის ვიდეოთვალით დაურეკა თბილისში   და   აჩვენა ჩემი რამდენიმე ნახატი. ანდრეის მოეწონა და აკვარელით შესრულებული  „ხალხთა მეგობრობის თაღი  ზამთარში“ – ვაჩუქე.
სურათი მასთან  ჩემზე სწრაფად გაფრინდა, დავიწყეთ ურთიერთობა  და ახლა ჩემი ვაჟი იაროსლავი 3 წლის და 3 თვისაა.
პატარა ბავშვთან ერთად ძნელი იყო ხატვისთვის დროის გამონახვა, მაგრამ ვაგრძელებ სწავლას, ვსწავლობ ახალ ტექნიკას, სტილებს…
ამ წლიდან საბავშვო ბაღი დაიწყო, ასე რომ,  ბევრი გეგმა მაქვს!
უფრო მეტიც, ანდრეი  ყოველთვის მხარს მიჭერს და  მეხმარება ყველაფერში.
–  ამ ბოლო დროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პეიზაჟებს ხატავთ… ტურისტებისთვის.
– გაირკვა, რომ როცა ჩემი ნახატები სასტუმროში ეკიდა, ისინი მოეწონა ჩემი მეუღლის მეგობარს, გიდს, დან ხმალაძეს…  როდესაც გაიგო, რომ  ეს ჩემი ნამუშევრები იყო, თავისი ფოტოსურათის მიხედვით  ნახატი შემიკვეთა…  და ასე გაგრძელდა, კიდევ და კიდევ… სამცხე-ჯავახეთის პეიზაჟებს, მშობლიური ადგილების ხედებს  მიკვეთს მეგობრებისთვის, რომლებთანაც მუშაობს, თანამშრომლობს,  მე ვხატავ   სურათებს ფოტოების მიხედვით!  ჩემი ნახატები გაფრინდა  მოსკოვში, უფაში, ისრაელში, ამერიკასა და პერმში მეგობრებთან..
ვხედავ და ვგრძნობ, რომ ჩემი ნამუშევარი ახარებს და ამშვენებს მეგობრების, ნაცნობების ან თუნდაც უცნობების ცხოვრებას,  ეს კი  შთამაგონებს და მაიძულებს, უფრო  მეტი შევქმნა და შევქმნა.

– ჰობი…
– თუ მხოლოდ კულინარიაზე ვისაუბრებ, სასტუმროში   საუზმესაც კი ვამზადებდი, ვფიქრობდი, როგორ გამეოცებინა სტუმრები, ახლა  სტუმრებს სახლში ვაოცებ.
გატაცებული ვარ ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინით.  ვაგრძელებ სწავლას.
დრო მენანება, დღე – ღამეში  24 საათია  და ადამიანური რესურსი  არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს…
–  გამოფენები…
– აქამდე მხოლოდ ერთი გამოფენა  მქონდა, სასტუმროში,  ვფიქრობ  ერთ იდეაზე, გამოფენის პროექტზე ვმუშაობ, რომელიც  საქართველოს ისტორიას უკავშირდება.
– სამომავლო გეგმები…
– განვაგრძო იმის  შექმნა, რაც მსურს, ვისწავლო, შევიყვარო და დავაფასო  საყვარელი ადამიანები, ვიყო ყოველთვის ოპტიმისტი, მაშინ ყველაფერი, დაგეგმილი  აუცილებლად გამოვა!

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები