გოგი მეშველიანი: დღეს ბოლნისში გვაქვს ევროპული სტანდარტის, ძალიან მაღალ დონეზე აღჭურვილი საჯარო სკოლა
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა – გოგი მეშველიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მშობლიური სკოლიდან მიულოცა.
“პირველ ყოვლისა, ყველა მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და განსაკუთრებით ჩემი მშობლიური სკოლის – ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ მიმდინარეობდა კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოხდა სკოლის ფუნდამენტური გამაგრება, სრული რეაბილიტაცია და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბოლნისში გვაქვს ევროპული სტანდარტის, ძალიან მაღალ დონეზე აღჭურვილი საჯარო სკოლა. ეს ცოდნის ტაძარი მრავალ თაობას აღუზრდის ბოლნისს, ჩვენს ქვეყანას და არაერთი წარმატებული ახალგაზრდის გამოშვების მომსწრენი გავხდებით.
განსაკუთრებით ვულოცავ იმ ბავშვებს, რომლებიც წელს პირველად მოვიდნენ ამ სკოლაში. მიხარია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურით ვხვდებით მათ. ასეთ პირობებში მოუწევთ სწავლა. ვუსურვებ ბედნიერებას, კარგ სწავლას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის N1 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ორწლიანი სამუშაოების შემდეგ, სკოლა დაბრუნდა საკუთარ შენობაში. მოსწავლეები განახლებულ საკლასო ოთახებსა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში შევიდნენ.