„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს

თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს. კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოსწავლეთა მეოთხე როტაციას მასპინძლობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე ბანაკი მოსწავლეებს დღის განმავლობაში ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობას სთავაზობს.

თეორიული სწავლების შემდეგ კოჯრის ბანაკში, გუნდური შეჯიბრებები ჩატარდა: ნავიგაციაში, იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატიკური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში. დღის ბოლოს ახალგაზრდებმა სახალისო შემოქმედებითი საღამო ჩაატარეს, სადაც სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთობლივად მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

„ჯარის ბანაკის“ ახალი ნაკადი ერთი კვირის მანძილზე პირველად სამედიცინო დახმარებას, თვით გადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, სამხედრო ნავიგაციასა და სხვა დისციპლინებს შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ „ჯარის ბანაკმა“ მესამე და მეოთხე როტაციაზე, თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „ჩვენი ჯარი“-ს მონაწილე მოზარდებსაც უმასპინძლა. როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები