ლონდონში დედოფალს ემშვიდობებიან – ათასობით მოქალაქე ვესტმინსტერ-ჰოლთან რიგში დგას

ლონდონში ათასობით მოქალაქე დედოფალ ელისაბედ მეორესთან დამშვიდობების მიზნით გრძელ რიგში დგას.

მედიის ინფორმაციით, ხალხი ვესტმინსტერ-ჰოლში მოსახვედრად რიგს მთელი ღამის განმავლობაში ელოდება.

დედოფლის სახელმწიფო დაკრძალვა 19 სექტემბერს გაიმართება. ეს დღე დიდ ბრიტანეთში დასვენების დღედ გამოცხადდება.

დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, სწორედ აქ ხდებოდა ბრიტანელი მეფეების და დედოფლების კურთხევა, ხოლო 1947 წელს დედოფალი ელისაბედ II პრინც ფილიპზე დაქორწინდა.

დაკრძალვის ცერემონიაზე მოწვეულნი იქნებიან სახელმწიფოს მეთაურები მთელი მსოფლიოდან.

ცერემონიის სატელევიზიო ტრანსლირება მოხდება, რომელსაც ასევე დაესწრებიან ბრიტანელი პოლიტიკოსები და ყოფილი პრემიერმინისტრები.

ამის შემდეგ სამგლოვიარო პროცესია ლონდონიდან ვინძორის სასახლისკენ გაემგზავრება.

დედოფალს პრინც ფილიპის გვერდით, ვინძორში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები