გურიაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ დამნაშავეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

გურიაში, ანასეულის გზაზე მანქანში ჩაცხრილული ახალგაზრდა კაცის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

რაც შეეხება,გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ერთ პირს, მას გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

“პოლიციამ გურიაში მკვლელობის ჩამდენ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული რ.ჭ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავეს.

განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, 236-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

მკვლელობა გურიაში 10 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მანქანაში ჩაცხრილეს. მას 10-მდე ტყვია ესროლეს და მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები