ბათუმში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე ხმაური იყო, თუმცა, აფეთქება არ მომხდარა. მეზობლებისვე თქმით, მომხდარის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
“მოკლე ჩართვა მოხდა, არანაირი შეხება არ ჰქონდა გაზთან, გაზის აფეთქების ხმა არ იყო. ხმაური იყო მაშინ, როდესაც ალი მოედო და მინები დაიმსხვრა, როგორც ასეთი, გაზის აფეთქება არ მომხდარა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.
ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის, ჯაბა ბერიძის თქმით, მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
“ხანძარი იყო, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. მიზეზებს სახანძრო-სამაშველო სამსახური დაადგენს. ამის შემდეგ უკვე ოჯახი მოგვმართავს სტიქიის კომისიაზე და, შესაბამისად, გაიწევა დახმარება. მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია”, – განაცხადა ჯაბა ბერიძემ.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.