ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ფილიპ რიკერს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფილიპ რიკერს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პრემიერმინისტრის თქმით, საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ რთულ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას. ფილიპ რიკერმა პრემიერმინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საუბარი ასევე შეეხო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და ფილიპ რიკერის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. განსახილველ საკითხთა შორის ასევე იყო საქართველოს ევროინტეგრაცია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი – კელი დეგნანი და საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები