საქართველოს პროკურატურა ოჯახურ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს,რასაც ადასტურებს 2014 წლიდან სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლის ყოველწლიური, მნიშვნელოვანი ზრდა. სტატისტიკურ მონაცემებს პროკურატურა აქვეყნებს.
როგორც უწყების კვლევაშია აღნიშნული, 2014 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 550 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 5144 პირის მიმართ, რაც შეეხება 2022 წლის 8 თვის მონაცემებს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 4591 პირის მიმართ.
“2014-2021 წლებში, ასევე მზარდია პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. 2022 წლის 8 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 88% შეადგინა.
როგორც დევნის დაწყების და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, პროკურატურა ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმის ან/და ლიბერალური სისხლის სამართლის პრინციპების გამოყენება არ მომხდარა.
რა არის ფემიციდი?
ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით და სხვა.
როგორ ისჯება ქალთა მკვლელობა (ფემიციდი)
სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა და მკაცრი სასჯელი დაწესდა.
გენდერის ნიშნით, ასევე ოჯახური ნიშნით ჩადენილი ქალის განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით – 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით – 94 ქალის მკვლელობა. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა, მათ შორის ოჯახური ნიშნით – 79 ქალის მკვლელობის მცდელობა, ხოლო სხვა მოტივით – 50 ქალის მკვლელობის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების შედეგად, 2014 წლიდან 2020 წლამდე ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი შემცირებული იყო, 2020 წელს ისევ დაფიქსირდა ზრდა, ხოლო 2021 წელს დაფიქსირებულია კვლავ კლება.
2020 წელს ,,კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ლოქდაუნის პირობებში, მთელ მსოფლიოში გაიზარდა ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევები.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის – „მსოფლიოში COVID-19-ის გავლენა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და სერვისების მიწოდების შესახებ“ მიხედვით, შესწავლილია მსოფლიოს 49 ქვეყანაში არსებული ვითარება, გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შეტყობინებების რიცხვი გაზრდილია.
წითელი ჯვრის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით „კოვიდ 19-ის დროს სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენცია და რეაგირება“,გაერთიანებულ სამეფოში კარანტინის პირობებში მომატებულია ოჯახში ჩადენილი მკვლელობები, ერთ-ერთ დახმარების ცხელ ხაზზე მსხვერპლთა შეტყობინებები გაიზარდა 700%-ით. კანადაში, კარანტინის პირობებში, ძალადობის რიცხვი ზოგიერთ რეგიონში 20-30%-ით გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში, მათ შორის, ეპიდემიების დროს იმატებს ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი. სტრესი, სოციალური და უსაფრთხოების ქსელების რღვევა, მომატებული ეკონომიკური არასტაბილურობა და სერვისებზე წვდომის ნაკლებობა ქალთა მიმართ ძალადობის რისკებს აძლიერებს.
ქალთა მკვლელობა / მკვლელობის მცდელობა2014-2022
ასევე აღსანიშნავია, რომ ქალთა მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას.
საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებები
საქართველოს პროკურატურამ ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით რეფორმების გატარება 2014 წლიდან დაიწყო, რაც გამოიხატა პროკურორთა სპეციალიზაციაში, სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაში, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკასა და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების სტრატეგიულ მიმართულებად განსაზღვრაში.
2022-2027 წლების საქართველოს პროკურატურის სტრატეგიაში ქალთა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, წინა წლების მსგავსად, პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. ახალ სტრატეგიაში გაიწერა კონკრეტული აქტივობები. საქართველოს პროკურატურა, შემდგომი წლების განმავლობაში, განაგრძობს ძალისხმევას და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას.
საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში იმპლემენტაციისთვის, 2022 წელს სპეციალიზებული პროკურორებისთვის შემუშავდა ორი სახელმძღვანელო მითითება „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ“ და „ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საქმეებზე საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ეფექტიანი აღსრულების შესახებ“.
საქართველოს პროკურატურა პირველი უწყებაა, სადაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე სპეციალიზაცია დაინერგა. ამჟამად, სპეციალიზებულია 209 პროკურორი. პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო სასწავლო ტრენინგებში სპეციალიზებული პროკურორების მონაწილეობა პროკურატურის პრიორიტეტია.
ქალთა მკვლელობის (ფემიციდის) საქმეების მუდმივი მონიტორინგი და სპეციალური სტატისტიკის წარმოება
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობების, მკვლელობების მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს.
2014 წლიდან, საქართველოს პროკურატურა აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სტატისტიკას და ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) სისხლის სამართლის საქმეების ანალიზს. ფემიციდის მონიტორინგის ფარგლებში, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებით ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
საქართველოს პროკურატურა მუშაობს სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვაზე.
2016-2022 წლებში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 1624 ბრალდებულის მიმართ. ქალთა მკვლელობის (ფემიციდის) საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივი პირველად გამოიკვეთა 2018 წელს, ხოლო დღემდე ქალთა მკვლელობის საქმეებში გენდერული დისკრიმინაცია იდენტიფიცირებულია 45 ბრალდებულის მიმართ.
2022 წელს გენდერული ნიშნით მოტივირებულიქალთა მკვლელობების – ფემიციდის თემაზესახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, 2 სასწავლო აქტივობა ჩატარდა და გადამზადდა 34 მენეჯერი და სპეციალიზებული პროკურორი, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებენ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) სისხლის სამართლის საქმეებზე.
კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, საქართველოს პროკურატურამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანია ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება. ცვლილების თანახმად, დაინერგება ელექტრონული ზედამხედველობა, რომლის ფარგლებშიც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების ქცევაზე 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება. ელექტრონული სამაჯურების გამოყენება დაზარალებულთა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება ბრალდებულთა მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში. კერძოდ, ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვა შექმნის ბრალდებულის დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის კონტროლის ეფექტიან მექანიზმს და ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკებს შეამცირებს.
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება. უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან ავიცილოთ მძიმე დანაშაული.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, 2022 წლის სექტემბერში, პროკურატურა იწყებს მასშტაბურ კამპანიას ფემიციდის წინააღმდეგ. აღნიშნულ პროცესში, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.