პროკურატურამ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 სექტემბერს, ოზურგეთში, ბრალდებულმა მეზობელ ქალს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულის მიმართ დაინიშნება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.