ზვიად შალამბერიძე საერთაშორისო ექსპერტს და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტების მენეჯერს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე საერთაშორისო (პოლონელი) ექსპერტს, პიოტრ ჟუბერს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების მენეჯერს, ნინო კაკუბავას შეხვდა.

იმერეთის გუბერნატორმა საერთაშორისო ექსპერტს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) მიმდინარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ 12-ვე მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ზვიად შალამბერიძემ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში არსებულ ქვეკომპონენტებზე ისაუბრა და დასძინა, რომ 2022 წელს პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება – ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.

ასევე, განხილვის საგანი იყო (PIRDP)-ის ყველაზე ეფექტური ღონისძიებების განსაზღვრა და იმ შეზღუდვების გამოვლენა, რომლებიც უნდა გადაიჭრას სამომავლო ტერიტორიული განვითარების პროგრამ(ებ)ის მომზადებისას.

შეხვედრის მიზანია, ექსპერტმა, პიოტრ ჟუბერმა შეაგროვოს ცენტრალური/რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებები, ინფორმაცია და მონაცემები, საპილოტე ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის (PIRDP) განხორციელების შესაფასებლად, მიღებული გამოცდილების გასაანალიზებლად და რეკომენდაციების შესამუშავებლად სამომავლო რეგიონული განვითარების პროგრამების/სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბებისთვის.

საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ეგიდით, იმერეთში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები