საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ქვრივიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, ასევე ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკაზე ეკონომიკური განვითარების კუთხით, ამავდროულად, პრეზიდენტს გავაცანით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების განვითარების სამთავრობო პოლიტიკა, მათ შორის, უმთავრესად, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის ვაჭრობა, ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ა.შ. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ასევე ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან, სადაც მხარეებმა სიღრმისეულად განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას
„ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანთან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.