მარიამ ქვრივიშვილმა და ფარვიზ შაჰბაზოვმა ბაქოში ორი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს
ბაქოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა. მარიამ ქვრივიშვილმა და ფარვიზ შაჰბაზოვმა ორი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი ენერგეტიკის მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორები არიან. მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამ დარგში ხორციელდება. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგეტიკული სისტემის ევროპის ქსელთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული კაბელის ფლაგმან პროექტებს, რომელიც რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით ხორციელდება.
ორი ქვეყნის მინისტრებმა ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის პოლიტიკაზეც ისაუბრეს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ჰიდრორესურსების დიდი პოტენციალი, რაც მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგო დამოკიდებლობის, მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები არამხოლოდ ჰიდროპროექტების განხორციელების, არამედ ქარის, მზის და სხვა არატრადიციული განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საშუალებას იძლევა, შესაბამისად, დარგში ინვესტიციების შემდგომი მოზიდვისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობა არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს, რომლებიც კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებს ეფუძნება. აღნიშნული დამატებით შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს საქართველოში განახორციელონ პროექტები განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
მარიამ ქვრივიშვილმა და ფარვიზ შაჰბაზოვმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობას სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაფართოების საკითხებზე, რომლებსაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს.
ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები – გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.