ოზურგეთის მერი – უფასო სასადილოებზე: ჩატარდა მონიტორინგი და გამოიკითხა 180-დან 155 ბენეფიციარი, გადამოწმდა კვების პირობები და რეგულარობა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უფასო სასადილოებში კვების პირობები არასათანადო და ბენეფიციარებისთვის მიუღებელია, ეხმაურება და აცხადებს, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად მონიტორინგი ჩატარდა.
“მინდა, გამოვეხმაურო უფასო სასადილოსთან დაკავშირებულ საკითხს: კანონის თანახმად, ჩატარდა მომსახურების მიწოდებაზე ტენდერი, რომელიც, როგორც წესი, ყოველწლიურად ცხადდება. გაიმარჯვა ახალმა სუბიექტმა, რომელიც ვალდებულია, ბენეფიციარებს მოემსახუროს დადგენილი სტანდარტით. ამას მოყვა ადგილობრივ მედიაში რამდენიმე სტატია, სადაც მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი, თითქოს, კვების პირობები არასათანადო და ბენეფიციარებისთვის მიუღებელია. სტატიების გამოქვეყნების დრო და შინაარსი ჩვენთვის საყურადღებო იყო – ამიტომ ჩატარდა მონიტორინგი და გამოიკითხა 180-დან 155 ბენეფიციარი. გადამოწმდა კვების პირობები და რეგულარობა.
გამოკითხულთა უდიდესი ნაწილისთვის პირობები იგივე ან უკეთესი და დამაკმაყოფილებელია. გამოიკვეთა ასევე სავარაუდო მანიპულაცია, როდესაც გარკვეული პირები ბენეფიციარებს უკავშირდებოდნენ და ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერას სთხოვდნენ სრულიად სხვა საკითხზე, ვიდრე ეს განცხადებაში ეწერა. შემდგომში ეს განცხადება მედიითაც გამოქვეყნდა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, პერიოდულად ჩავატარებთ მონიტორინგს, მაგრამ მინდა, დაინტერესებულ პირებს ვუთხრა – არავის მივცემთ შეჭირვებული ადამიანებით მანიპულირების საშუალებას. მოხდება ნებისმიერ ასეთ პროვოკაციაზე რეაგირება და არაკეთილსინდისიერი ჩარევის გამოაშკარავება“, – განაცხადა თალაკვაძემ.