ივანე ჩხაიძე: ჯანმო ოქტომბერ-ნოემბერს განიხილავს, როგორც კორონავირუსის შემთხვევების მატების შესაძლო პერიოდს
“ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანმო ოქტომბერ-ნოემბერს განიხილავს, როგორც კორონავირუსის შემთხვევების მატების შესაძლო პერიოდს.
„კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან შედარებით შემცირებულია. თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნების სტატისტიკას, ეს ტალღა, შეგვიძლია შევაფასოთ როგორც „მეშვიდე ტალღა“, რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდება. თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს. ბოლო 3 კვირა ტემპი შემცირებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, გაზაფხულთან შედარებით ეს ციფრი მაღალია. ჯანმო ოქტომბერ-ნოემბერს განიხილავს, როგორც კორონავირუსის მატების შესაძლო პერიოდს. ამის უკან დგას იმუნიტეტის შემცირება. სექტემბერში შემთხვევების მატება არ უნდა იყოს. წინ გვაქვს შემოდგომა და ზამთარი, როდესაც პროგნოზირებადია შემთხვევების მატება“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.