დავით უსუფაშვილი რუმინეთსა და უნგრეთს ეწვევა

   პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 10 თებერვალს, ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს, ხოლო 12 თებერვალს უნგრეთს ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუმინეთსა და უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებულ შეხვედრებზე საუბარი იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების პესპექტივებზე, როგორც საპარლამენტაშორისო დონეზე, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. განხილული იქნება, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი შეხვედრებს რუმინეთის სენატის სპიკერ კრინ ანტონესკუსთან გამართავს. პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატთა პალატის სპიკერ ვალერიუ ზგონეას, ვიცე-პრემიერ გაბრიელ ოპრეას და საგარეო საქმეთა მინისტრ ტიტუს კორლეცანის შეხვდება. დაგეგმილია ასევე შეხვედრები სენატის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და საქართველო – რუმინეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. დავით უსუფაშვილი მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში „ვილნიუსიდან-რიგამდე“ და დეპუტატთა პალატის სპიკერთან ერთად, რუმინეთის ტელევიზიას ინტერვიუს მისცემს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას რუმინეთში დეპუტატები: ირაკლი ჩიქოვანი, პაატა ბარათაშვილი და გიორგი წერეთელი წარმოადგენენ. 12 თებერვალს რუმინეთიდან, დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში გაემგზავრება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის პრეზიდენტ იანოშ ადერსთან, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ჟოლტ ნემეტსთან. დავით უსუფაშვილი ასევე თავდაცვის მინისტრს ჩაბა ჰენდეს, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერსს და ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიჰაი ბალას შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსაც ეწვევა, სადაც ქართველ სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წაიკითხავს. დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. დავით უსუფაშვილვილთან ერთად უნგრეთს საქართველოს პარლამენტის წევრები: თედო ჯაფარიძე, ივანე კიღურაძე, დავით ონოფრიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კანდელაკი ეწვევიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოფიციალურ ვიზიტს უნგრეთში 14 თებერვალს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები