ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 7 პირს ბრალს დღეს წაუყენებენ

ცხვარიჭამიაში, დაბადების დღეზე 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

დაკავებულები მათმა ადვოკატებმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულეს.
სავარაუდოდ, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის – 18 წლის ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დავით ჯიჯეიშვილის დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში ტარდება.

განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები