ნაფიცმა მსაჯულებმა მეტროში, არასრულწლოვან შშმ პირზე მოძალადე პოლიციელი გაამტყუნეს
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას 12-დან 8 ნაფიცმა მსაჯულმა დაუჭირა მხარი.
სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 იანვარს სოციალურ ქსელებში და შემდეგ უკვე მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მეტროს ერთ-ერთ სადგურზე პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობდნენ. პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე 25 იანვარს დააკავეს.