ზარი გეგუთის მე-14 დაწესებულებიდან
გეგუთის მე-14 დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ პატიმრებმა „კვირას“ ექსკლუზიურად აცნობეს. მათი განცხადებით, მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით სიცრუეა.
როგორც „კვირას“ პატიმარმა განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ადმინისტრაციის თანამშრომელმა პატიმარი სცემა. მისივე თქმით, მსჯავრდებულების ნაწილი პროვოკაციას გეგმავს.
„აქ პროვოკაცია იგეგმება. ტელევიიზით ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აქ პატიმრები შიმშილობენ და დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელმა პატიმარი სცემა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ტყუილია. აქ არიან პატიმრები, რომლებსაც სურთ, რომ „ზონა“ ხელში ჩაიგდონ და თავადვე მართონ დაწესებულება, რომ ე.წ. ობშიაკის ფულის შეგროვება დაიწყონ. სწორედ ასეთი პატიმრები აიძულებენ სხვებს შიმშილობას. ისინი, ვისაც სურთ, რომ ე.წ. მაყურებლებად იქცნენ, სწორედ ეს ხალხი მართავს სხვებს, რათა ძველი დრო დააბრუნონ და თვითონვე მართონ დაწესებულება. რატომ უნდა მართოს პატიმარმა დაწესებულება, რით არის სხვა ჩემზე მეტი? აქ ყველა პატიმარია და რაიმე პრივილეგიით არავინ უნდა სარგებლობდეს. დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ ამის უფლებას არ აძლევენ და სწორედ ამიტომ სხვებს აიძულებენ შიმშილობას. მე, სხვების მსგავსად, ჩვეულებრივი რიგითი პატიმარი ვარ და ველოდები, როდის მოვიხდი სასჯელს, რომ დროულად გავიდე აქედან. სახლში ოჯახი მელოდება. რაც შეეხება პატიმართა ცემის ფაქტს, ისინი „მაყურებლობის“ სურვილით შეპყრობილმა პატიმრებმა დააზიანეს, რათა შიმშილობა დაეწყოთ“, – ამბობს ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„კვირას“ კიდევ ერთი მსჯავრდებული დაუკავშირდა და N 14 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.
„უნდათ სისტემა თავის ჭკუაზე მართონ. აქ ყველა პატიმარია და მას ერთი უფროსი ჰყავს – ციხის ადმინისტრაცია. ამათ კიდევ უნდათ, რომ ეს დირექტორი გაათავისუფლონ და ძველი დირექტორი დააბრუნონ, რომელიც მათ სურვილებს ასრულებდა. სახალხო დამცველი იყო აქ და ტყუილი უთხრეს. სახალხო დამცველი შეცდომაში შეიყვანეს, ციხის ადმინისტრაციის არცერთ თანამშრომელს პატიმარი არ უცემია, თვითონ დაერივნენ ერთმანეთს. „სინიაკები“ თვითონ დაადეს ერთმანეთს. კანონს არავინ არღვევს -ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლიდან დაწყებული რიგით პატიმრამდე დასრულებული. ყველას ერთი რამ გვინდა, რომ დროულად მოვიხადოთ სასჯელი, რათა სახლებში დავბრუნდეთ. ტელევიზიით რასაც გადმოსცემენ, ტყუილია. მინდა ჩემი ოჯახის წევრები დავამშვიდო, რომ აქ სიმშვიდეა და პროვოკაციას ნუ აჰყვებიან“, – განაცხადა მსჯავრდებულმა.