მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამერიკულ მხარესთან გარკვეული სამუშაო დონის შეხვედრები და ვიზიტები იგეგმება.

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მთელი რიგი მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილია. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან. ვაშინგტონიდან საქართველოში ვიზიტით არაერთი დელეგაცია იმყოფებოდა, რომელთანაც ჩვენ გვქონდა გარკვეული მოსაზრებების გაცლა. შედგა ასევე სახელმწიფო მდივნის ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პრეზიდენტის და ჩემი მცირეხნიანი კომუნიკაციაც.

მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, იმისთვის, რომ ის ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობდა, ახალი ძალით, ენერგიითა და ახალი შესაძლებლობებით გავაჯეროთ. მოველით, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება გარკვეული კომუნიკაცია, გვექნება შესაძლებლობა, რომ აშშ-ის დელეგაციასთან კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მომავალი. იგეგმება გარკვეული სამუშაო დონის შეხვედრები, ვიზიტები და მოველით, რომ ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება, რათა უფრო დეტალურად გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები