პროფესიით მხატვარია, ხატავდა ბავშვობიდან, რადგან მამა მხატვარ – დეკორატორი ჰყავდა.
დაამთავრა სამტრედიის სამხატვრო სკოლა, ბათუმის კანდელაკის სახელობის სასწავლებელი და ქუთაისის ხელოვნების უნივერსიტეტის ფერწერის ფაკულტეტი. ერთხანს ისე მოხდა, რომ აღარ ხატავდა, მაგრამ მოგვიანებით ისევ დაუბრუნდა შემოქმედებით მოღვაწეობას. და ეს მოხდა ემიგრანტობის დროს, საბერძნეთში…
2005 წლიდან ცხოვრობს ათენში, ბოლო 5 წელია ჩართულია ისევ გამოფენებში. – სოფია ბელთაძის პერსონა.
– მამა მხატვარი-დეკორატორი იყო. ალბათ ამიტომ აირჩიეთ ხატვა?
– მხატვრობისადმი პირველი სიყვარული ნამდვილად ჩემს ოჯახს უკავშირდება. დავიბადე მხატვრების ოჯახში და, ბუნებრივია, ხელოვნებასთან ურთიერთობაც სწორედ ასე დაიწყო. ჩემი პირველი ნაშრომი ღრმა ბავშვობას უკავშირდება, კერძოდ, მეორე კლასში, ასფალტზე ხატვის კონკურსში პირველი ადგილი მოვიპოვე. კონკურსის თემატიკამ – გაზაფხულმა გადამაწყვეტინა აყვავებული დედამიწის, პლანეტების, მზის, მთვარის და სხვადასხვა რასის ბავშვების დახატვა.
კონკურსში დამაჯილდოვეს დიპლომით და მიმიწვიეს სამხატვრო სკოლაში.
ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი მამისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, დაენახა ჩემში ის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც დღემდე აქტიურად დაჰყვება ჩემს ცხოვრებას. ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემი და მამის აქტიური ჩართულობა სამხატვრო სფეროში.
ამის შემდეგ გადავდივარ ახალ საფეხურზე, როცა მამის მეგობრებს ჩემთვის საჩუქრად სხვადასხვა მხატვრის წიგნები მოჰქონდათ, რომლებიც მაშინ ჩემი, როგორც პატარა გოგოს, დიდ აღტაცებას და ინტერესს იწვევდა, რაც მოგვიანებით შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო გახდა.
მაშინ წიგნებიდან ფერადკანიანი გოგონები დავხატე, ფერადი საყურეებით და ამ ნახატის საშუალებით 10 წლის ასაკში დაიგეგმა ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, რომლისთვისაც აქტიურად შევუდექი მზადებას. პერსონალური გამოფენისთვის კი ჩემი ნამუშევრები პასტელში შევასრულე.
აი, ასე, მამის უანგარო დახმარებით, რომელიც მხატვრობის ყველა ეტაპზე ჩემ გვერდით იდგა, განვითარებაში მეხმარებოდა და, ფაქტობრივად, სულს ჰბერავდა ჩემს შემოქმედებას, დავიწყე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მხატვრობაში.
– ცხოვრობთ ათენში, მანამდე ხატვაში ხანგრძლივი პაუზა გამოგივიდათ… ათენში კი განაახლეთ შემოქმედებითი საქმიანობა…
– ჩემი და ჩემი შვილების უკეთესი მომავლის საძიებლად ემიგრაციაში წასულმა შევწყვიტე შემოქმედებითი ცხოვრება, თუმცა მისდამი ინტერესი და კვლავ ხატვის სურვილი არასდროს დამიკარგავს.
ემიგრანტის ხვედრის გამო არ მქონდა ხატვის საშუალება, მაგრამ ამ სურვილს სხვა ბავშვებისთვის ხატვის სწავლებით ვიკმაყოფილებდი. შესაბამისად, ვცდილობდი, ხატვის სურვილი ყველა იმ ოჯახის ბავშვისთვის განმევითარებინა, ვისთანაც მიმუშავია.
მოგვიანებით, კვლავ მოვახერხე რესურსების გამონახვა, რომლითაც ხატვის თანდათან გაგრძელება დავიწყე. ხატვის პროცესში არც ისე აქტიურად ჩართულს, მთელი მსოფლიოს მსგავსად, მეც შემეხო პანდემია, რომელმაც ულევი დრო გამომიჩინა, კვლავ გადავეშვი მხატვრულ სამყაროში და აქტიური ხატვა დავიწყე.
– ქმნით ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, საინტერესო შავ-თეთრ კომპოზიციებს, ფერებით მეტყველ ფერწერას…
– ყოველი ახალი ნახატი წინაზე ერთი დეტალით მაინც უკეთესია, ტექნიკურად და შინაარსობრივად ნაბიჯ – ნაბიჯ მივდივარ იმ ეტაპამდე, რომელიც სრულყოფილად აყალიბებს და გადმოსცემს ჩემეულ სტილს.
ჩემი ნამუშევრებიდან გამოვარჩევდი ნამუშევარს – „არა ძალადობას“!
დღევანდელ ცხოვრებაში ხშირია ქალებისადმი ძალადობის ფაქტები. ამ საკითხზე ჩემი ნამუშევრით გადმოვეცი ჩემი მწუხარება. იმის გამო, რომ ძალადობა შავ ფერთან და სისხლისღვრასთან ასოცირდება, გადავწყვიტე, ნამუშევარიც სწორად შავ, თეთრ და წითელ ფერებში შემესრულებინა. ვფიქრობ, ნამუშევარმა სწორად გადმოსცა ის მესიჯი, რომელი იდეის მატარებელიც ის იყო.
– რას გვეტყვით ათენურ ცხოვრებაზე, რა შეგძინათ, როგორც მხატვარს?
– საბერძნეთში ცხოვრებისას ბევრი საინტერესო, ლამაზი და ისტორიული ადგილი მოვინახულე. ბერძნული კულტურა და არქიტექტურა გაძლევს შთაგონებას. ჩემს ნახატებშიც ხშირად შეხვდებით ბერძნულ პეიზაჟებს. აქ ცხოვრებამ სხვადასხვა ქვეყნის ბევრ ხელოვანთან დამაახლოვა და, ამავდროულად, მომცა საშუალება, ჩემს შემოქმედებას უფრო ფართომასშტაბიანი აუდიტორია გასცნობოდა.
– ჰობი…
– ჩემი მთავარი გატაცება მოგზაურობაა, რომელიც ისევ და ისევ ხატვას უკავშირდება. საყვარელი პროცესი კი, გამოფენა – მუზეუმების მონახულებაა. მოგზაურობა საშუალებას მაძლევს, გავეცნო სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, არქიტექტურას, ისტორიას და მოგვიანებით, ყოველივე მათგანისგან მივიღო შთაგონება.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი, რომლებიც ხელს მიწყობენ, რომ ჩემი კარიერის განვითარება – წინსვლაში.
– ერთი პერსონალური და 50–მდე ჯგუფური გამოფენა გქონდათ…
– როგორც აღვნიშნე, საბერძნეთში ცხოვრების განმავლობაში გავიცანი ფართო აუდიტორია, რამაც საშუალება მომცა, ჩემი ნამუშევრები კიდევ უფრო მეტი ქვეყნისთვის გამეზიარებინა. მქონდა ერთი პერსონალური და 50-მდე ჯგუფური გამოფენა, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საქართველო, საბერძნეთი, ამერიკა, დუბაი და ინდოეთი. ამავდროულად, აქტიურად ვმონაწილეობ იუნესკოს მიერ ორგანიზებულ გამოფენებში, სადაც ვერთვები ჩემს ქართველ და უცხოელ „ART მეგობრებთან” ერთად.
– სამომავლო გეგმები…
– უახლოეს პერიოდში ქართველ მხატვრებთან ერთად ვგეგმავ გამოფენას ხელოვნების ერთ-ერთ წამყვან ქალაქში – პარიზში. რაც შეეხება შორეულ გეგმებს, ვაპირებ დიდ პერსონალურ გამოფენებს – როგორც საბერძნეთში, ისე საქართველოში.
თამარ შაიშმელაშვილი