„როცა შვილებს სძინავთ, მაშინ ვიწყებ მუშაობას“ – გულის კარნახით შექმნილი სამყარო, უცნაური მზე და ფანერზე დახატული მაცხოვრის თვალები

ბავშვობიდან უყვარდა ხელოვნება, ხატავდა, მღეროდა, მუსიკალური ნიჭიც ჰქონდა. ანასტასია ვირსალაძის სახელბის ხელოვნების გიმნაზიაში სამხატვრო განყოფილებაზე  სწავლობდა. შემდეგ კი იყო კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, საესტრადო ვოკალის განხრით.
მუშაობდა  სკოლაში ხალხური სიმღერის პედაგოგად, ჰქონდა საბავშვო სტუდია, ასევე იყო სკოლის კულტმასობრივი ღონისძიებების კოორდინატორი.
ამბობს, რომ ბავშვობის მერე არ უხატია და მხოლოდ ახლახან, ერთი წლის წინ ისევ დაიწყო  ხატვა. მისი ნახატები კერძო კოლექციებშია.
სამომავლოდ პერსონალური გამოფენის გამართვა სურს. – მარიამ ლაფერაშვილის პერსონა.

– ინჟინრის და პედაგოგის ოჯახში დავიბადე, 3 ბავშვიდან მე შუათანა ვიყავი, მამა „გეპეის“ კაპელაში მღეროდა, საუკეთესო ხმა აქვს და შვილებსაც დაგვყვა ეს ნიჭი. სულ პატარები ვიყავით, რომ დედამ პიონერთა სასახლეში წაგვიყვანა ბავშვების შესარჩევ კონკურსზე და მაშინვე აგვარჩია ციცინო ციცქიშვილმა.
საბავშვო ბაღის ასაკში დედამ მუსიკალურ სასწავლებელში  შვიდწლედში შეგვიყვანა. პედაგოგების რჩევით, ფორტეპიანოს სიყვარულით არ გამოვირჩეოდით, მაგრამ მაინც ვიარეთ და დავამთავრეთ მუსიკალური სასწავლებელი, საფორტეპიანოს განხრით.
ბავშვობიდან ვხატავდი, შემეძლო, ღამეები მეთენებინა, მთელი დღე არ მეჭამა, თუ ნახატი არ იყო დასრულებული. ეს ნიჭი მამისგან დამყვა…

„გაზაფხული“

მამა კარგად ხატავს და ადრე ხელით ჭედავდა, მაგრამ ხატვისთვის არასდროს ეცალა. სამწუხაროდ, როდესაც ვხატავდი და სიხარულით კი მივარბენინებდი მამასთან ნახატს, შექების მაგივრად შენიშვნას მაძლევდა, არ მომცემდა საშუალებას კმაყოფილებისთვის, აწონ-დაწონიდა და მაქსიმუმს მთხოვდა,  ძალიან მწყინდა, მაგრამ ვცდილობდი, ისე დამეხატა, მამას მოსწონებოდა.
როგორც ყველა გოგოს, მამა ძალიან მიყვარს. მნიშვნელოვანი იყო მისი აზრი. დედა ფიზიკის პედაგოგია და ძალიან უნდოდა, ფიზიკა კარგად მესწავლა, მთელი გულით ცდილობდა, მაგრამ ეს არ იყო ჩემი საქმე. ხელოვნება ბევრად მომწონდა, ვიდრე ფიზიკა.
დედა იყო და არის პირველი, ვისაც ჩემი წარმატება უხაროდა, გვერდში მედგა, კონცერტებზე წინ იჯდა და მამხნევებდა. როგორც ყველა ბავშვი, მეც ვიყავი ჩართული სასკოლო ღონისძიებებში, კედლის გაზეთებს ვაფორმებდი და მიხაროდა, რომ მავალებდნენ, დავდიოდით სხვ

„დრო“

– თეატრალური და  ასევე ხელოვნების გიმნაზია დაამთავრეთ, მუსიკალური განათლებით…
– მე-9 კლასიდან ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში სამხატვრო განყოფილებაზე  ჩავაბარე, საუკეთესო პედაგოგები მყავდნენ – ბატონები უშანგი ლონდარიძე და ლევან ლონდარიძე მასწავლიდნენ პლასტიკურ ანატომიას და გრაფიკას, კომპოზიციას… ასევე ვსწავლობდი ფერწერას, მხატვრულ პერსპექტივას, ძერწვას, ქანდაკებას, გვქონდა გამოფენებიც…
– საესტრადო ვოკალის სპეციალისტი ხართ… სკოლაში ხალხური სიმღერის პედაგოგად მუშაობდით, გქონდათ საბავშვო სტუდია, ასევე  იყავით  ღონისძიებების კოორდინატორი სკოლაში…
–  დავამთავრე გიმნაზია და აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვფიქრობდი ჩაბარებას, მაგრამ ერთმა კონცერტმა გადაწონა მაშინდელი ჩემი არჩევანი, ვოკალის პედაგოგები მყავდნენ – 85 წლის დამსახურებული პედაგოგი ნათელა წერეთელი და დათო ტურიაშვილი, გვქონდა კონცერტები, კონკურსები… ვიფიქრე, მოდი, ვოკალურზე ჩავაბარებ-მეთქი.  ასე წავედი კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში (ახლა ის უკვე თეატრალურის მეორე კორპუსია), საესტრადო ვოკალის განხრით, და უმაღლესი ქულებით დავამთავრე.

„მზე“

საუკეთესო პედაგოგები მყავდნენ, დამსახურებული, პატივსაცემი, ყოველი დღე იყო ისტორიასთან ურთიერთობა, კუკური ჭოხონელიძე მასწავლიდა ფოლკლორს, თამარ ჭოხონელიძე და ირმა სოხაძე – ვოკალს, ესტრადის ისტორიას, ავთანდილ რევიშვილი – კლასიკურ ვოკალს, სლავა ნათელაძე და ნინელი ჭანკვეტაძე – მსახიობის ოსტატობას და მეტყველებას, კირა მებუკე – პანტომიმას და პლასტიკას.
მართლაც, საუკეთესო წლები და მოგონებები შემომრჩა, სკოლის დირექტორმა ამირან ბურჭულაძემ, იმ სკოლისა, სადაც 9 წელი ვწავლობდი, შემომთავაზა  სკოლაში მუშაობის დაწყება.
მართალია გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ მან შანსი მომცა, რადგან პატარაობიდან იცოდა ჩემი შესაძლებლობები და გვერდში მედგა.
დავაარსე ხალხური სიმღერის წრე დაწყებითი კლასებისთვის, პარალელურად ვგეგმავდი სკოლის შიდა და გასვლით ღონისძიებებს, საბავშვო გამოფენა-გაყიდვებს, სპორტულ შეჯიბრებებს, ასევე ჩამოვაყალიბე პატარა სტუდია, სადაც პატარებს საესტრადო სიმღერაში ვამეცადინებდი ჩემს კონცერტმაისტერთან ერთად. პირველობებიც ჰქონდათ ბავშვებს… ძალიან მეამაყებოდა. იმ წლებმა მასწავლა, რომ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და აუცილებლად გამოვა ყველაფერი, მთავარია  რწმენა და შრომა.
– ამჟამად არ მუშაობთ. ხატვა ერთი წელია, განაახლეთ… გაქვთ გვერდი – „მარიამ მარიამ არტ“.  რას ნიშნავს ხატვა თქვენთვის?
– უკვე 12 წელია არ ვმუშაობ. ისე მოხდა, რომ შვილებს მეტად ვჭირდებოდი, ვიდრე სკოლას და არ დავბრუნდი სკოლაში. ფანქრით სულ ვხატავდი, ხელი რომ არ გაზარმაცებულიყო, მაგრამ ასე პატარა ფურცელს თუ მოვიხელთებდი, მინდოდა რაღაც მომეხაზა.
ძალიან მიყვარს პორტრეტები, განსაკუთრებით – თვალების ხატვა, ორი იდენტური ადამიანი ხომ არ არსებობს? ხატვა ჩემი სულის განუყოფელი გახდა, სულის ამოძახილია, ვხატავ, რასაც მინდა და როგორც მინდა, ჩემებურად, ჯერ ძიებაში, სწავლის პროცესში ვარ, დიდი იმედი მაქვს, დრო და შრომა კარგ შედეგს მოიტანს.
– ფანერაზე დახატული ქრისტე… გვიამბეთ…
– მაცხოვრის თვალები ყველაზე თბილია, ბავშვობაში სოფელში ვისვენებდი, სოფელი ქვიშხეთში მაქვს, ჩვენთან არის მთაწმინდა, მთის თავზე – მამა დავითის ტაძარი, რომელიც გადმოჰყურებს სოფელს, მოვილოცეთ და  იქიდან დაბრუნებულს ძალიან მომინდა მაცხოვრის თვალების დახატვა, დედას საბავშვო ზეთები ჰქონდა ნაყიდი, ჯერ ფუნჯებიც არ მქონდა შეძენილი. ავიღე ფანერის ნაჭერი, არ ვიცოდი მისი დამუშავება, დავჯექი და შიშველი თითებით და დედის საქსოვი ჩხირების დახმარებით დავხატე…
ვიცი, არ არის კანონიკური, არც კურთხევა მიმიღია და არც უნაკლოა, მაგრამ ეს იყო ჩემი ემოცია, ტკივილი, რაც გადმოვეცი ფანერაზე.
პორტრეტები –  ზოგი ფოტოდან იხატება ზოგი ინსპირაციაა, ზოგიც… ვიწყებ ხატვას და არ ვიცი, რა გამოვა, ხატვის პროცესში რასაც მოითხოვს, რასაც გული და ხელი მიკარნახებს, ის გამოვა, ყოფილა შემთხვევა, დასრულებული ნახატი არ მომწონებია და შემიცვლია… სანამ სასურველ გამოხედვას არ დავიჭერ, ვაგრძელებ მუშაობას. ნახატი უნდა გელაპარაკებოდეს, სუნთქავდეს, მაშინ მიიტან მნახველის გულთან.
– პორტრეტები… როგორ იქმნება? გყავთ პროტოტიპები თუ შთაგონებით?
– სიმყუდროვე და სიმარტოვე მეხმარება კონცენტრირებაში. როცა შვილებს სძინავთ, მაშინ ვიწყებ მუშაობას, ბევრჯერ დამთენებია… მონახაზი დღისით კეთდება, ვალაგებ აზრებს, სანამ ოჯახში ვფუსფუსებ, ღამით კი, როცა დავჯდები სამუშაოდ, ნახევარი გაიფილტრება, ზოგი შეემატება პროცესში, ნახატი თავად გაგრძნობინებს, როდის დასრულდა…
,,შექმენი საკუთარი ხელით“ – ქალის ხელი ქსოვს და იქსოვება ბუნება… რისი თქმა გინდოდათ?
–  ყველა თავის ცხოვრებას ქმნის თავად. არავინ იცხოვრებს შენ მაგიერ, ვერავინ შეიყვარებს შენთვის, ვერვინ განვითარდება, ყველამ უნდა იშრომოს, გასცეს, და მიიღოს ის, რაც ეკუთვნის. ბუნება გიბრუნებს ბუმერანგივით ყველაფერს.

„შექმენი საკუთარი ხელით“

– ოჯახი, შვილები… როგორ ასწრებთ საოჯახო საქმეებს და ხატვასაც?
– მყავს მეუღლე და 3 შვილი. ვართ დიდი ოჯახი, მე ძირითადად, ღამით ვხატავ, ამიტომ ჩემი მთელი დრო და ენერგია, მთელი დღე ეკუთვნის ოჯახს. თუ ვინმე მეგულება ოჯახში, ვინც მიაქცევს ყურადღებას ბავშვებს და სცალიათ, ამ დროსაც ვიყენებ ხოლმე სამუშაოდ.
საბედნიეროდ, ნიჭიერი შვილები მყავს – ხატავენ, მღერიან, ცეკვავენ, გოგონა უკრავს, ყოფილი ტანმოვარჯიშეა, მათში უამრავი დრო და ენერგია ჩავდე, რასაც არასდროს ვინანებ. ოჯახის წევრები ძირითადად ყველა მუშაობს და მთელი დღე მარტო ვარ ბავშვებთან, მაგრამ როცა ოჯახში არიან, გვერდში მიდგანან, შეძლებისდაგვარად, ვინაწილებთ მოვალეობებს.
– ჰობი…
– ვფლობ 3D დიზაინს და „არქიკად და ავტოკადის“ პროგრამებს. დიპლომირებული არქიტექტორი ვარ, მაგრამ არც ამ სპეციალობით მიმუშავია, მხედველობის გაუარესების გამო გადავწყვიტე, რომ კომპიუტერი ძალიან დამღუპველი იქნებოდა ჩემთვის.
თავისუფალ დროს მსიამოვნებს ინტერიერის დიზაინზე მუშაობა, ასევე მეხერხება კერვა, ქსოვა, სუვენირების კეთება, მამასთან, დებთან და შვილებთან ერთად სიმღერა ყველაფერს მირჩევნია და ყველაზე მეტად მსიამოვნებს.
– სამომავლო გეგმები…
– ძალიან მინდა პერსონალურ გამოფენა. ჩემი ნახატების  უმეტესობა კერძო კოლექციებშია, რაც ძალიან მახარებს. მაგრამ მინდა დავაგროვო და აუცილებლად გავაკეთო გამოფენა, ჩემთვის მნიშვნელოვანია გამოცდილი და პროფესიონალი მხატვრების აზრი, დიდი იმედი მაქვს მათი დადებითი შეფასების. უღრმესი მადლობა თქვენ, რომ გამოიჩინეთ ინტერესი ჩემი ნამუშევრების მიმართ. წარმატებებს გისურვებთ.

„ბოშები“
„მებადური და ოქროს თევზი“
„დღე და ღამე“

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები