ამირან გამყრელიძე: ვინც არ არის აცრილი – უნდა აიცრას, ვინც ორჯერ არის აცრილი – „ბუსტერი” გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს – მეორე „ბუსტერი” აუცილებლად გაიკეთოს

„ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ვინც ორჯერ არის აცრილი, „ბუსტერი” გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი” აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა საკმარისია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, იმუნური ფენა მით უფრო მაღალი იქნება.

„ჩვენ გვაქვს – „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი”. რა თქმა უნდა, ვაქცინები ეფექტურია, განსაკუთრებით – „ბუსტერი“. სასურველია, მოქალაქეებმა ამცრელ პუნქტებს მიმართონ. შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, რომელიც აცრებით მიიღწევა. იმუნური ფენა ჩვენ მაღალი გვქონდა მარტში, როდესაც 85% იყო, ამიტომაც გადავიტანეთ მარტივად აპრილი, მაისი და ივნისის პირველი ნახევარი. იმუნური ფენა 5, მაქსიმუმ 6 თვეში იკლებს, ალბათ, ახლა იმუნური ფენა 85% აღარ გვექნება, შესაძლოა – 60%-ის ქვემოთ ფარგლებში იყოს. საჭიროა მისი გაზრდა ვაქცინაციის გზით. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება და მაღალი იმუნური ფენით შევხვდებით, მით ნაკლები ალბათობა იქნება სხვა დიდი ტალღებისა”, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები