„ძალიან მინდოდა სვანეთის ნახვა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ასე შეიქმნა სვანეთის კოშკები“ – ნაქარგებში ჩადებული გული და მბზინავი ალმასებით შექმნილი სილამაზე

თბილისის მეათე საჯარო სკოლა დაამთავრა. 17 წლის ასაკში  ოჯახი შექმნა და მეუღლესთან, ოლეგ ძოწენიძესთან საცხოვრებლად ახალციხეში, სოფელ სხვილისში გადავ.
ამჟამად ცხოვრობს თბილისში. ალმასებით სურათების აწყობა და ქარგვა 10 წლის წინ დაიწყო.
ამბობს, რომ მთავარია, გული დაუდოს, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს, აკეთებს ყველაფერს, რაც მოეწონება.
უახლოეს მომავალში კი, ფიქრობს პერსონალური გამოფენის გამართვას. – თვითნასწავლი ხელოვანის, ეთერ გელაშვილის პერსონა

– დავიბადე ახალციხეში. დედა დიასახლისი, მამა პოლიციელი იყო. სამწუხაროდ, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ბავშვობაში  სპორტსმენი ვიყავი და ხელსაქმე არ მიზიდავდა, ეს ნიჭი დიდობაში შევიძინე.
ათი წლის წინ დაიწყეთ ალმასებით სურათების აწყობა… რატომ ალმასებით?
– მიყვარს, რაც ბზინავს და ძალიან მომინდა, რომ ამ ბზინავი ალმასებით შემექმნა რამე ლამაზი.
– თქვენეული ფანტაზიით ქმნით სურათებს…  შთაგონება თუ გჭირდებათ?
– შთაგონება არ მჭირდება. საკმარისია, რაიმეს შექმნის დიდი სურვილი მქონდეს. როცა საერთოდ ვერ ვაკეთებდი, უბრალოდ გულს ვერ ვუდებდი.
ასეთი დიდი სურვილით შეიქმნა „სვანეთის კოშკები“ – ძალიან მინდოდა სვანეთის ნახვა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ამიტომ ჩემეული ხედვით შევქმენი ეს სურათი. როცა სურათზე დავიწყე მუშაობა, მაშინ ალმასები არ იყო, ამიტომ  წვრილი ბისერებით – მძივებით ავაწყვე.
მინდა რამდენიმე მხატვრის (რომელთა ნამუშევრებზეც ვოცნებობ) ნამუშევარზე ვიმუშაო… მათ შორის, მიქელანჯელოს „ადამის შექმნაზე“…
–  ქარგვის პროცესი… რამდენ ხანს უნდებით ერთ ნამუშევარს?
–  ქარგვაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. შეიძლება ექვსი თვე ანდა  სამი წელიც კი  მოვუნდე… ძალიან დიდი შრომა სჭირდება.
– „აკეთებ ყველაფერს რაც მომეწონება რამდენათ რთულიც არ უნდა იყოს“, – ამბობთ…
– ჩემთვის ქარგვა ძალიან რთულია, თუმცა თუ დავიწყე, თავს ვერ ვანებებ. პირველად როცა პატარძლის ქარგვა დავიწყე (ასე ვეძახი ჩემს ნაქარგს), ძალიან გამიჭირდა. რომელი გადასვლებითაც მე ვქარგავ, ეს ყველაზე რთულია და დიდ დროს მოითხოვს.  მას ექვსი თვე მოვუნდი. იყო პერიოდი, რომ თავის დანებება მინდოდა, თუმცა ბოლომდე მაინც მივიყვანე…
– ახალციხეში, სოფელ სხვილისში ცხოვრობდით…  როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახის  საქმეს და ხელსაქმეს?
–  იქ გავთხოვდი, თუმცა ამჟამად ჩემს ოჯახთან ერთად თბილისში ვცხოვრობ. ოჯახი დიდია და დრო მართლაც არ მრჩება, მაგრამ ვცდილობ, დღეში თუნდაც ერთი საათი  ჩემს საქმეს დავუთმო.
– თქვენი რძალი ნინი რიჟამაძეც ხელსაქმეს მისდევს… ალბათ თქვენგან ისწავლა…
–  Ნინი უნიჭიერესი გოგოა. არა, ჩემგან არ უსწავლია… მე უფრო ბევრს ვსწავლობ მისგან. ის მხატვარია და  ძალიან ბევრ რამეს აკეთებს –  ხატავს, ქარგავს, ქსოვს…
– ჰობი…
–  ქარგვა… ძალიან მინდა, ბევრი ნაქარგი შევქმნა და გარკვეულ ასაკში გამოფენა გავაკეთო.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები