პროკურატურა გია გორგაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    მთავარი პროკურატურა გია გორგაძესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებს ავრცელებს. უწყება ბაჩო ახალაიას ადვოკატების ბრალდებებსაც პასუხობს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სიცრუეა, თითქოს პროკურატურამ მოახდინა გორგაძის დაკავება და მანამდე მისგან ჩვენების იძულებით მიღება.
„გუშინ, 7 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ გია გორგაძის ოჯახის წევრების შეტყობინების საფუძველზე, რომ ეს უკანასკნელი იყო გატაცებული დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.
იმავე დღეს, გია გორგაძის ადგილსამყოფელის დადგენის შემდგომ, მოხდა მისი მოწმის სახით დაკითხვა ქ.თბილისის პროკურატურაში, რა დროსაც მან განაცხადა, რომ იგი გატაცებული არ ყოფილა, მას უბრალოდ რამოდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა გაწყვეტილი კონტაქტი ოჯახთან, რის გამოც სავარაუდოდ ინერვიულეს მისმა ოჯახის წევრებმა და მიმართეს პროკურატურას დახმარებისთვის. მისივე განცხადებით, პროკურატურის მხრიდან მის მიმართ არ ჰქონია ადგილი არანაირ ზეწოლას ან იძულებას და მას როგორც წამების საქმეში დაზარალებულს და მ. გორგაძის ძმას სურდა, მასმედიის საშუალებით გამოეთქვა თავისი ლეგიტიმური უფლება, რომ სწრაფად ყოფილიყო გამოძიებული 2006 წლის 12 იანვარს, ქ.თბილისში „ნავთლუღის“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მისი ძმის მურად გორგაძის და მისი მეგობრების ლიკვიდაციის ფაქტი.
რაც შეეხება ბ.ახალაიას ადვოკატების განცხადებებს, რომ თითქოს პროკურატურამ მოახდინა გ.გორგაძის დაკავება და მანამდე იძულებით მოხდა მისგან ჩვენების მიღება, ეს არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ბ.ახალაიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა ეს მცდელობა არის სრულიად ფუჭი ვინაიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, ასევე დაზარალებულ გ.გორგაძესთან და მანამდე მოწმე გ.ჯოლოხავასთან მიმართებაში ბ.ახალაიას ადვოკატების მხირდან მომხდარი ინციდენტებიდან გამომდინარე, რომლებზეც პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიებები, გვინდა განვაცხადოთ, რომ მთავარი პროკურატურა მკაცრად აღკვეთს პროცესის მონაწილეებზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს.
აქვე მოგახსენებთ, რომ პროკურატურა ინტენსიურად იძიებს ,,ნავთლუღის“ ავტოსადგურთან ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებებს, რასთან დაკავშირებითაც დამატებითი მნიშვნელოვანი დეტალები საზოგადოებისთვის მომავალში გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები