ხელოვანი, რომელმაც მეგობარს დაბადების დღისთვის ორიგინალური საჩუქარი დაუმზადა – პოპულარული „ბალერინები“, დეას „ოსკარის“ ჯილდო და სამოყვარულო რალი

ბავშვობიდან ხატვის სიყვარულით იზრდებოდა. 6 წლიდან ქეთი მატაბელთან ურთიერთობამ გაუძლიერა ხატვის სიყვარული. 7 წლისამ „ხარება“ დახატა… შემდეგ იყო სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი. მაგრამ სხვადასხვა ადგილას მუშაობდა და ხატვისთვის ვერ იცლიდა. ამბობს, რომ პანდემიის დროს იზოლაციამ დაუბრუნა ხატვას. მუშაობს ხეზე და ხის მოხატვაზე. – მხატვარ დეა ყანჩაველის პერსონა.

– ბავშვობა ის პერიოდია, რომელიც ყველაზე ტკბილად მაგონდება, ყველაფერი ლამაზი, ვარდისფერი, ლაღი და ხალისიანია.
მამაჩემის ჰობი იყო ხატვა, დედაჩემიც კარგად ხატავდა, როგორც ჩანს, ხატვა ამის გამო შემიყვარდა. ბევრს ვხატავდი და მშობლებმა გადაწყვიტეს, 6 წლის ასაკში მივეყვანე პედაგოგთან, ქეთი მატაბელთან.
საოცარ გარემოში აღმოვჩნდი, სადაც მქონდა სრული თავისუფლება, შემეძლო, გამომევლინა ჩემი ფანტაზია და უნარი. ქეთისთან ურთიერთობამ გამიმძაფრა ხატვისადმი სიყვარული და სერიოზულად დავიწყე ფიქრი, ჩემი პროფესია გამხდარიყო.
7 წლის ასაკში დავხატე „ხარება“, პასტელით შევასრულე.
სკოლაში სწავლის დროს გამოჩნდნენ დიზაინერები, რომლებიც ქმნიდნენ ლამაზ სამოსს. მეც დამაინტერესა ამ საქმიანობამ, გადავწყვიტე სწავლის ამ განხრით გაგრძელება და დავიწყე მომზადება სოსო, ინა და ეკა ბახტაძეებთან. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტზე.
– პანდემიის დროს ხატვას დაუბრუნდით…. რატომ მოგწონთ ხეზე მუშაობა?

„ხარება“

– ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, ხატვისთვის დრო არ მრჩებოდა, რაც ძალიან მაწუხებდა. კოვიდვირუსის და იზოლაციის პერიოდში მქონდა თავისუფალი დრო, ამან მომცა მოტივაცია, მემუშავა და შემექმნა ახალი არტნამუშევრები.
ყოველთვის ვხატავდი ტილოზე, ქაღალდზე, დაიბადა იდეა, შემექმნა საკუთარი სტილის ხელოვნება, ამისთვის გამოვიყენე ხის მასალა და ვეცადე, ჩემი ახალი ნახატები ფერად სკულპტურულ სტილში გამომესახა.
– როგორ მუშაობთ – შთაგონებით თუ?
– ხეზე ვხატავ აკრილის საღებავით და ბოლოს ვფარავ ხის ლაქით.
შთაგონებას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რადგან ჩემმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთმა ადამიანმა შეიძინა ინტერიერსა და ექსტერიერში გამოსაფენად, ამ დადებითი შედეგის გამო მუდმივი შემკვეთები მომრავლდნენ. სიხარულით ვიღებ მათ ინდივიდუალურ შეკვეთებს და მთელი ჩემი ენერგიითა და ფანტაზიით ვქმნი ახალ-ახალ არტნამუშევრებს.
– ხეზე ქმნით მოხატულ გულებს, საახალწლო აქსესუარებს, ორიგინალურ ნაძვის ხეებს, ნაქსოვ კალათებს, ბრელოკებს, სათამაშოებს… შემოქმედებითი ცხოვრებიდან საინტერესო ამბავიც გექმნებათ მოსაყოლი…
– მეგობრის დაბადების დღე მოდიოდა და მინდოდა რამე ორიგინალური საჩუქრის დამზადება. გადავწყვიტე, მისი ფიგურა გამეკეთებინა. ჩუქება გამომივიდა, როგორც დაჯილდოების რიტუალი… ამიტომ გოგოებმა შევარქვით „ოსკარის“ ჯილდო, რაც ტრადიციად იქცა. ვინც მიკვეთავს, საჩუქრად ვაძლევ, როგორც „ოსკარს“.
– გაქვთ გვერდი – Dea’s Handcrafts, სადაც ვეცნობით თქვენს ნამუშევრებს… უმეტესად რომელი ნამუშევრები მოსწონს მნახველს?
– განსაკუთრებულად ვერ აღვნიშნავ, რომელი ნამუშევარი მოსწონთ, რადგან სხვადასხვა გემოვნების გამომწერები მყავს ინტერნეტსივრცეში. შედარებით უფრო მეტი მოწონება აქვთ ჩემს „ბალერინებს“.
რაც შეეხება ჰობს, განსაკუთრებული ჰობი არ მაქვს, მიყვარს სათხილამურო სპორტი და საავტომობილო რბოლა,რაც მამაჩემის დიდი გავლენა იყო, ადრე მონაწილეობაც მივიღე სამოყვარულო რალში.
– ოჯახი…
– მყავს ქალიშვილი, მარიშკა, რომელიც აბიტურიენტია და სწავლის გაგრძელებას აპირებს გრაფიკული დიზაინის სპეციალობით. პარალელურად მოდელია “look models management”-ში.
გამოფენა ჯერ არ მქონია, რადგან ვერ მოვახერხე ნამუშევრების შეგროვება, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს და ახლო მომავალში ვაპირებ, ავისრულო ეს მიზანი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები