ბავშვობიდან ხელოვნების სიყვარულით გაიზარდა. ხელსაქმეც მაშინ ისწავლა. 11 წლისამ დაიწყო ქარგვა და პირველად ილია ჭავჭავაძის პორტრეტი მოქარგა, რასაც მოდილიანისა და მატისის ფერწერული ტილოების ნაქარგები მოჰყვა.
პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ამჟამად – დიზაინერი. ამბობს, რომ გადაწყვიტა, ჰობი შემოსავლის წყაროდ ექცია. „ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, მსიამოვნებს და მანიჭებს ბედნიერებას“. – ხელოვნებათმცოდნისა და დიზაინერის ნათია ყიფიანის პერსონა.
– ხელოვანთა გარემოცვაში გავიზარდე. ცეკვა, სიმღერა და ხატვა ჩემი სტიქია იყო. ზაფხულის არდადეგებს რაჭაში ვატარებდი, მახსოვს, ბებიის ნაქონ ტანისამოსს და მის მიერ მოქარგულ მაგიდის გადასაფარებლებს ვათვალიერებდი.
პირველი ინტერესიც სწორედ აქედან წამოვიდა. დედამ და ბებომ მასწავლეს ხელსაქმე, ქსოვა და ქარგვა. ვათვალიერებდი „ბურდას“, გერმანულ „ოტტო“-სა და „ნეკერმანის“ კატალოგებს, ვოცნებობდი, მეც შემექმნა და მქონოდა მსგავსი ნივთები.
– ხელნაკეთ ნივთებს თუ აკეთებდით ბავშვობიდან?
– პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, მე-3 კლასიდან ხელსაქმის გაკვეთილები გვქონდა, დიდი სიხარულით ველოდებოდი. მუდმივად ვესწრებოდი და საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი. დედაჩემიც მიწყობდა ხელს. ნაირნაირ ღილებსა და საქსოვ ძაფებს მაძლევდა და მეც მიხაროდა, მათგან სამკაულებს ვამზადებდი, ე.წ. აბადოკებს და თმის სამაგრებს. ბარბებს გარდავსახავდი და ჩემს სასურველ თოჯინად ვქმნიდი.
– პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ხართ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
– მიყვარდა მხატვრობა და ძველი ცივილიზაციების კულტურა. ადრეულ ასაკში დავინტერესდი ამ სფეროთი, ამიტომაც ავირჩიე პროფესია და დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნე – ექსპერტის სპეციალობით.
– პირველი ხელნაკეთები…
– 11 წლისამ დავიწყე ქარგვა. ჩემი პირველი ნაქარგი ილია ჭავჭავაძის პორტრეტი იყო. ამას მოჰყვა მოდილიანისა და მატისის ფერწერული ტილოების ნაქარგები (17-18 წლის ასაკში) სკოლასა და უნივერსიტეტში საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულებითა და ჩანთებით დავდიოდი. უმეტესობას მეგობრებს და ახლობლებს საჩუქრად ვაძლევდი.
– თქვენს შემოქმედებაში ხელნაკეთი ფერიები გამოირჩევა… ალბათ უფრო დღესასწაულების დროს ამზადებთ?
– ფერიები საახალწლოდ დავამზადე. პანდემიამ, მუდმივმა შეზღუდვებმა, სახლში გამოკეტვამ ადამიანები დათრგუნა . არც მე ვიყავი გამონაკლისი. ამიტომ შევქმენი ჩემი სურვილების ფერიები და თითქმის ყველას დავარქვი სახელი: სიყვარული, სიკეთე, იმედი, ბარაქა და წარმატება. რადგან ჩემმა გოგოებმა მოწონება დაიმსახურეს, გადავწყვიტე. ხალხისთვის შემეთავაზებინა განსხვავებული, ბედნიერების მომტანი ფერიები. რამდენიმე შეკვეთითაც დავამზადე და საახალწლოდ ნაძვის ხესაც ამშვენებდა.
– ულამაზესია ნაქარგი თმის ბაფთები, გულსაბნევები, სასურველი ინიციალები…
– თითქმის 9 წელია ვმუშაობ მოდის სფეროში ერთ-ერთ ცნობილ დიზაინერთან. ყოველდღიურმა მუდმივმა შეხებამ ამ სფეროსთან ჩემი გემოვნება და ტექნიკა უფრო დახვეწა. ვფიქრობ, თმის ბაფთები ერთ-ერთი ლამაზი აქსესუარია, დახვეწილი და ელეგანტური.
თითოეული ნივთის შექმნაზე დიდხანს ვფიქრობ. ჯერ იდეა მოდის, შემდეგ ვაკეთებ ჩანახატს და უკვე შექმნის პროცესში ხშირად მიწევს შეცვლა თავდაპირველ სახის, რადგან მასალა და ფერები მაძლევს მიმართულებას, გარდავსახო და შევქმნა სრულიად სხვა კომპოზიცია.
ყველაფერს მხატვრული თვალით ვუყურებ. ინსპირაციას ბუნებისგან, ყვავილებისგან ვიღებ. ამიტომაცაა ჩემი ნამუშევრები ჯერჯერობით თითო ეგზემპლარი. არ შემოვიფარგლები მხოლოდ ერთი სახეობით, დავამატე გულსაბნევები ქალბატონებისთვის. ინიციალი – ბროში კი ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის სასურველ ნივთად ვაქციე.
– ლამაზია მაკრამეს ბადე – ჩანთები… რამდენად საინტერესოა მათი დამზადება?
– მაკრამეს ტექნიკით 2 წლის წინ დავიტერესდი. შევიყვარე ეს ტექნიკა, შევისწავლე, მოვიძიე მასალა და გავაკეთე პირველი ბადე ჩანთა. მაკრამეს კეთება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მე მას თითებით ქსოვას ვეძახი. ბადე-ჩანთა პრაქტიკული, მსუბუქი, ეკოლოგიურად სუფთაა, რომელიც უხდება ზაფხულს და ზღვას.
– Art Infiniti- არტ ინფინიტი – გაქვთ გვერდი, სადაც ათავსებთ თქვენს შემოქმედებას – სხვადასხვა აქსესუარს, გულსაბნევებს, ნაქარგ ბაფთებს, ფერიებს, ბადე-ჩანთებს…
– გადავწყვიტე, ჩემი ჰობი შემოსავლის წყაროდ მექცია. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, მსიამოვნებს და მანიჭებს ბედნიერებას. ამიტომაც ორი წლის წინ შევქმენი ბრენდი “Art Infiniti” – „უსასრულო ხელოვნება”. ვთვლი, რომ ხელოვნებას დასასრული არა აქვს, მუდმივად ცვალებადი და განვითარებადია.
– ოჯახი…
– ჩემი ხელნაკეთი ნივთების პირველი შემფასებელი დედაჩემი იყო. მის აზრს და შენიშვნას ვითვალისწინებდი. ხშირად მეუბნებოდა, გამეკეთებინა ჩემი ხაზი, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო. მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან მუდმივად ვგრძნობ მხარდაჭერას, რაც მაძლევს მოტივაციას, შევქმნა უფრო მეტი და მეტი.
– სამომავლო გეგმები…
– ვფიქრობ, მომხმარებელს სეზონური აქსესუარები შევთავაზო. ეს იქნება თმის ბაფთა, გულსაბნევები თუ ჩანთები. ვაპირებ სამკაულებისა და ტანისამოსის დამატებას.
თამარ შაიშმელაშვილი