„ასჯერ რომ მოვიდე ამ წუთისოფელში, ასჯერვე  პედაგოგი ვიქნებოდი“ – წიგნებზე ჯვარდაწერილი ცხოვრება და ოცნება პოეტურ კაფეზე

რაჭის ერთ-ერთ უმშვენიერეს სოფელ ბარში დაიბადა. დედის ნაამბობიდან იცის, რომ ქუდბედი ქონია სახეზე ჩამოფარებული, თუმცა, ამბობს, რომ მას  ჩემამდე არ მოუღწევია.
ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მე და ჩემს და-ძმას ბედნიერი ბავშვობა გვქონოდა, ცდილობდნენ, ჩვენთვის წიგნის შეყვარებას. ადრეულ ასაკში დავიწყე კითხვა. მე-4 კლასში გმირთა ვარამი” ავიღე ხელში,  რა თქმა უნდა, გამიჭირდა ყველაფრის გაგება, მაგრამ ამის შემდეგ თითქოს გავიზარდე.
სკოლა რაჭაში დაამთავრა, სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ამბობს, რომ ახლაც გრძნობ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სურნელებას, არ ავიწყდება ლიტერატურულ წრის საღამოები. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამხატვრო პროფესიულ სასწავლებელში ქართული  ენისა და ლიტერატური  მასწავლებლად მუშაობდა, რამდენიმე წლის შემდეგ  კი 99-ე საჯარო სკოლაში გააგრძელა მუშაობა.
ამბობს, რომ ლექსები მისი სულის ნაწილია და ზეპირად იცის უამრავი ლექსი. თავადაც წერს ლექსებს და კრებულის გამოცემასაც ფიქრობს. – პედაგოგ ქეთევან ჩლაიძის პერსონა.

– რაჭის ულამაზეს სოფელში დაიბადეთ. ბავშვობა, ოჯახი… რა იყო საინტერესო ბავშვობიდან?
– ჩემი ბავშვობა ხილულ სამოთხეს ჰგავდა.დიდ ოჯახში ვიზრდებოდი. მშობლები,და-ძმა,ბებია და ბაბუა სიყვარულით ვცხოვრობდით.დედას და მამას დიდი მეურნეობა ჰქონდათ,ბევრს შრომობდნენ. დღესაც მიყვარს, როგორ ახერხებდა დედაჩემი, ამდენ შრომასთან ერთად,სულ მომღიმარი, სტუმართმოყვარე და კოწია ყოფილიყო.ჩვენც სიკეთის კეთებასა და მზრუნველობას გვასწავლიდა. დედაჩემი რომელიმეს თუ გვიბრაზდებოდა, სამივენი ვტიროდით. ბავშვობაში შესისხლხორცებული სიყვარული ყველასა და ყველაფრისადმი მთელი ჩემი ცხოვრება საგზლად მომყვება.

ქეთევან ჩლაიძე, დგას მარცხნიდან მეექვსე

–  ოჯახში შეგაყვარეს წიგნი… ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ ადრეულ ასაკში წაიკითხეთ… გვიამბეთ მაშინდელ განცდებზე…
– მახსოვს, დედაჩემი და მამაჩემი როგორ კინკლაობდნენ წიგნებზე, რომელი წაიკითხავდა პირველად ,,დათა თუთაშხიას”, მერე როგორ ტიროდა დედაჩემი პერსონაჟების ტრაგედიაზე. რა თქმა უნდა, მეც ასე გავიზარდე. ადრეული ასაკიდან დავიწყე კითხვა. წიგნს რომ ვკითხულობ, პერსონაჟებთან ერთად ვცხოვრობ, ეს თვისება დღემდე შემომრჩა. წიგნის დასასრული თუ არ მომეწონებოდა, ვცდილობდი, ჩემს ოცნებებში, ჩემეული დასასრული შემეთხზა. ასე შემოვიდა ჩემში ლამაზი ფრაზები.
მერე დედა კითხვას მიშლიდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან მე უკვე წიგნებზე ვიყავი ჯვარდაწერილი.
გამორჩეული ქართულის მასწავლებელი მყავდა, მშობელი  მამასავით თბილი და მოსიყვარულე. ბატონ გიორგის შვილები არ ჰყავდა, სამაგიეროდ, ვყავდით ჩვენ და ჩვენც გვყავდა ერთგული, განათლებული და ჰუმანური პედაგოგი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ჩემს ფილოლოგობაშიც და პედაგოგობაშიც. მახსოვს, ახალბედა პედაგოგი როგორ ვბაძავდი ჩემს საყვარელ მასწავლებელს.

თანაკლასელებთან ერთად

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდით…  როგორ გაიხსენებთ სტუდენტობის წლებს?
– სტუდენტობა კი საოცარი რამაა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ლექციები თეთრი გედივით ყელმოღერებული უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გიტარდება და ლექციებს ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები გიკითხავენ. გრივერ ფარულავა ჩემი კუმირი იყო.
–  როგორი უნდა იყოს პედაგოგი?
– როგორი დიდი პროფესიონალიც არ უნდა იყოს მასწავლებელი, თუ ბავშვი არ უყვარს, საკლასო ოთახში არ უნდა შევიდეს, რადგან ბავშვებს საგნის სწავლებასთან ერთად  დიდი სიყვარული სჭირდებათ, რათა კეთილშობილ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. პედაგოგი, ჩემი აზრით, ადამიანთმცოდნე უნდა იყოს. პედაგოგობაში იცით, რა არის ყველაზე დასამახსოვრებელი? როდესაც ღამის თორმეტ საათზე ტელეფონი რეკავს და ოცი წლის წინ რომ სკოლა დაამთავრეს, ის ბავშვები გირეკავენ, თქვენი გაკვეთილები და დარიგებები ისევ გვახსოვსო.
–   როდის დაიწყეთ ლექსების წერა? პირველი ლექსები…
– ლექსი ჩემი სულის ნაწილია, რომლის გარეშე სუნთქვა არ შემიძლია.ზეპირად ვიცი უამრავი ლექსი.
დღეს, სამწუხაროდ, ლექსის ზეპირად სწავლა სავალდებულო აღარაა, რაც, ვფიქრობ, რომ  დანაშაულია.
ჩემთან დიდი განცდის შედეგად მოდის მუზა. პირველი ლექსიც ასე დავწერე.
„ხეებზე აფეთქდნენ  კვირტები,
მიდამოს ვარდებით ირთვება,
თბილისში უშენო გაზაფხულს,
ჩემს მეტი ვერავინ მიხვდება“…
თვრამეტი წლის ვიყავი, როდესაც ეს ლექსი დავწერე.
ლექსებს ღამით ვწერ, როდესაც აბსოლუტური სიჩუმეა ირგვლივ.

ნამოწაფრებთან ერთად

1996 წელს შექმენი ოჯახი.  მეუღლეც წერდა ლექსებს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. გყავთ  ვაჟი, კონსტანტინე  კვირიკაშვილი...
– დიახ, ჩემი მეუღლეც წერდა ლექსებს, უკრავდა, მღეროდა, არაჩვეულებრივი მამა და მეგობარი იყო. განათლებით ინჟინერი. ოჯახი გვიან შევქმენით, ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ ეს წლები ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი იყო.კოტეს შეძენამ კი ახალი სიცოცხლე შთაბერა  ჩვენს ურთიერთობას.
არაჩვეულებრივი მამამთილი მყავდა, პედაგოგი და გადავწყვიტე, მის პატივსაცემად დამერქვა ვაჟისთვის კონსტანტინე.
კოტე ბავშვობიდანვე გულისხმიერი და კეთილი იყო, ყველა უყვარს. ჯერ 53-ე სკოლაში სწავლობდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი ჩემს სკოლაში წავიყვანე. მამამისის მსგავსად ფოლკლორითაა გატაცებული. არაჩვეულებრივად უკრავს ფანდურს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ფოლკლორის სკოლას, რომელსაც მაშინ გიორგი უშიკიშვილი ხელმძღვანელობდა. წელს უნივერსიტეტს ამთავრებს, თან საქართველოს ბანკში მუშაობს.
როდესაც ჩემს განვლილ ცხოვრებას თვალს გადავავლებ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ამატირა წუთისოფელმა… მეუღლის გარდა, ერთი წლის წინ გარდამეცვალა  ძმა, რამაც შეძრა  მთელი ჩემი არსება,ცხოვრება მაინც მშვენიერია.

კონსტანტინესთან ერთად

– ჰობი…
– ლექსების გარდა, ჩემი ჰობი ქსოვა და სამზარეულოა. ოცნებასაც გაგიმხელთ, ფინანსური შესაძლებლობა რომ მქონდეს, პოეტურ კაფეს გახსნიდი, სადაც ლექსთან და გემოვნებიან მუსიკასთან ერთად, ჩემი სტუმრები გემრიელ კერძებსაც დააგემოვნებდნენ.
– სამომავლო გეგმები…
– ცხოვრებას რომ ახლა ვიწყებდე, უფრო მეტად დამოუკიდებელი ვიქნებოდი ჩემი მომავლის გადაწყვეტაში. დანანებით კი არაფერს ვნანობ.
ასჯერ რომ მოვიდე ამ წუთისოფელში, ასჯერვე  პედაგოგი ვიქნებოდი. თუ ღმერთმა ინება, სამომავლოდ ლექსების კრებულის გამოცემას ვგეგმავ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები