საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, ქ. თბილისში, დ. გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რ. მ.-მ მეუღლეს ს. კ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.