ბავშვობიდან ანიმაციის პერსონაჟების ხატვა უყვარდა. რამდენიმე წელი სამხატვრო სკოლაშიც სწავლობდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი მხატვრული კერამიკის მიმართულებით დაამთავრა.
მოზაიკა მოგვიანებით ისწავლა და ბუნებრივი ქვებისგან ულამაზეს კომპოზიციებს ქმნის. მუშაობს კომპანია „კამარაში“ მოზაიკის სახელოსნოს არტმენეჯერად.
ამბობს, რომ შთაგონება მასალიდან მოდის, კომპოზიციასაც მასალის მიხედვით აკეთებს, „რადგან ქვა ისეთია, შენს ჭკუაზე ვერ მოიყვან. მას უნდა გაჰყვე“… – დიზაინერისა და ხელოვანის, ვარდო ცერცვაძის პერსონა.
– ბავშვობიდან ვხატავ, ძირითადად, ანიმაციის პერსონაჟებს ვხატავდი, სკოლის პარალელურად, რამდენიმე წელი სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი, თუმცა სერიოზულად არ ვფიქრობდი ამ პროფესიაზე. სკოლაში სწავლის ბოლო წელს გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება და საგამოცდო თემაზე მუშაობა დავიწყე.
სკოლა გორის რაიონში დავამთავრე, შემოქმედებითად საინტერესო არაფერი ხდებოდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კედლის გაზეთებს და კლასში გამოსაკრავ პოსტერებს მე ვაკეთებდი.
– სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი მხატვრული კერამიკის დაამთავრეთ…
– ეს გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო, ჩემი ბიძაშვილი ლიკა აბუაშვილი სწავლობდა კერამიკის დიზაინზე და მასთან სტუმრად რომ ჩავდიოდი, სულ მინდოდა, მასავით შემძლებოდა ძერწვა. მოვემზადე გამოცდებისთვის, ჩავაბარე, კურსზე 70 სტუდენტი ვიყავით, თუმცა კერამიკის მიმართულებით მხოლოდ მე წავედი. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან მთელი ორიენტაცია ჩემკენ იყო მომართული. ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, არაჩვეულებრივი ლექტორები მყავდა, მათთან ურთიერთობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩემი ცხოვრების წესი.
– სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი მხატვრული კერამიკის მიმართულებით დაამთავრეთ…
– აკადემიის დამთავრების შემდეგ, როგორც ხშირად ხდება, საოცარ გაუგებრობაში მოვხვდი – უცებ ვერ განვსაზღვრე, რა ან როგორ უნდა მეკეთებინა, მიჩვეული ვიყავი ჩემს შემოსავალს, ჩემი საქმის კეთებას… სტიპენდია მქონდა და უცებ აღმოვჩნდი სიცარიელეში. სწორედ ამ დროს ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა „კამარას“ მოზაიკის სახელოსნოში მუშაობა და მეც დავთანხმდი.
– როდის დაიწყეთ ბუნებრივი ქვებით მოზაიკური სურათების კეთება? პირველი ნამუშევრები…
– ჩემს პირველ ნამუშევრად ვთვლი ჩიტების კომპოზიციას, რომელიც შერეული ტექნიკით შეიქმნა ბუნებრივი ქვებით.
– „ბუკნაჭო“, „ცხენები“, ნატურმორტი, სვანეთი, თბილისი, ჩიტები… მოზაიკით შექმნილი ნამუშევრებია… შთაგონება თუ გჭირდებათ?
– ჩემი საყვარელი კითხვაა და მასზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, მუდმივი დინამიკური პროცესია. თუ ადამიანს ქვებთან ურთიერთობა არ აქვს, გაუჭირდება მოზაიკის კეთება. ყოველდღიურად ვარ ამ გარემოში და უამრავი სახეობის ქვას ვხედავ, ხშირად შთაგონება მასალიდან მოდის, კომპოზიციასაც მასალის მიხედვით ვაკეთებ, რადგან ქვა ისეთია, შენს ჭკუაზე ვერ მოიყვან. მას უნდა გაჰყვე, რატომაც არა, თუ უფრო საინტერესო გზაზე მიჰყავხარ, ვიდრე შენ სთავაზობ? რაც მთავარია, განუმეორებელია, ორი ერთნაირი არ არსებობს.
ძალიან საინტერესო და შეუქცევადია მუშაობის პროცესი, სად წაგიყვანს, ვერ მიხვდები, ამიტომ მხოლოდ კონტურულ ესკიზს ვაკეთებ, რადგან ფერწერა მიახლოებითაც ვერ გადმოსცემს იმ შედეგს, რასაც შემდეგ მასალა გვაძლევს, ქვას სხვა სიღრმე და უამრავი ელფერი აქვს, ასევე ძალიან ფაქტურულია. ზოგადად, ბუნებრივ მასალაზე მუშაობა გაცილებით საინტერესო და უდიდესი ენერგიის მატარებელია, რომელიც მუშაობის დროს შენზე გადმოდის, ამიტომ ხშირად დაღლას ვერც ვგრძნობ.
უმეტესად შეკვეთებზე ვმუშაობ, ჩემი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი კერძო კოლექციის ნაწილია, განსაკუთრებული ემოცია მაკავშირებს ძველი თბილისის მოზაიკასთან, რომელიც ჩემს პირველ შვილზე ფეხმძიმობის პერიოდში გავაკეთე, საკმაოდ მასშტაბური კედლის პანოა, 2 თვე ვმუშაობდი, ის ახლა ჭრელი აბანოს საკუთრებაშია.
– კომპანია „კამარაში“ მოზაიკის სახელოსნოში მუშაობთ… ამ სახელოსნოს არტმენეჯერი ხართ…
– „კამარას“ მოზაიკის სახელოსნო 15 წელია ფუნქციონირებს, უამრავი პროექტი შევასრულეთ, მათ შორის აღვნიშნავ თოდუას კლინიკის მოზაიკას, რომელიც საჯარო სივრცეში შექმნილი ერთ-ერთი დიდი პროექტია.
ეს არის სახელოსნო, სადაც მოზაიკასთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებას მიიღებთ. დიდი ხნის განმავლობაში ქვის გარდა სხვა მასალით არ ვმუშაობდით, თუმცა ამ ეტაპზე ვიყენებთ როგორც ქვას, ისე ე.წ.სმალტას და კერამიკასაც.
შევიმუშავეთ არაერთი ტექნიკა, ამ ეტაპზე მიკრომოზაიკის ათვისების პროცესში ვართ, მასალასაც ჩვენ თვითონ ვამზადებთ. გვაქვს თანამედროვე ტიპის დანადგარები, რომლითაც ქვას იდეალურად ვამუშავებთ, მათ შორისაა წყლის ჭავლით ჭრაც, ეს უკანასკნელი ქვის უმცირეს ზომაზე ჭრის საშუალებას გვაძლევს.
ეტაპობრივად ვატარებთ ვორკშოპებს როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულთათვის, სადაც შესაძლებელია, მოზაიკის კეთებისთვის საბაზისო ცოდნისა და მასალასთან მუშაობის გამოცდილების მიღება.
– პანდემია, კარანტინი… რამდენად ნაყოფიერად მუშაობდით ამ პერიოდში?
– პანდემიამ, ყველას მსგავსად, ჩვენც დაგვაზარალა, გარკვეული პერიოდი სახლში მუშაობა მოგვიწია, მცირე დისკომფორტი იყო, რადგან იმიტირებული სახელოსნოს მოწყობა სახლში ცოტა რთული იყო, თუმცა, როცა შენი საქმე გიყვარს, შეუძლებელი არაფერია.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამ ეტაპზე ვმუშაობთ ერეკლე მეფის აბანოების მოზაიკაზე, პროექტი საკმაოდ დიდია და რამდენიმეთვიან მუშაობას საჭიროებს
ვინაიდან ჩემი და კომპანიის საქმიანობა ძირითადად შეკვეთებზე მუშაობას მოიცავს, ამ ეტაპზე ნამუშევრების საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, რომ სოლო გამოფენა მოვაწყოთ, თუმცა რამდენჯერმე ერთი ან ორი ნამუშევრით მიგვიღია მონაწილეობა სხვადასხვა შინაარსის გამოფენებში. მუდმივი ექსპოზიციის ხილვა კი ჩვენი სახელოსნოს შოურუმშია შესაძლებელი.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ორი შვილი, რომელთა გაზრდაშიც ჩემი მეუღლის მშობლები მეხმარებიან.
– ჰობი…
– უამრავი ჰობი მაქვს, ძალიან მიყვარს ხელსაქმე, ქსოვა, კერვა, თუნდაც ძერწვა, ჩემი ძირითადი პროფესია კერამიკაც ახლა უკვე ჰობად იქცა. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, საჭმელების კეთებას ვერ ვიტან.
თამარ შაიშმელაშვილი