„ორ რამეზე ერთდროულად ვერ ვფიქრობ“ – სიმშვიდე, სახლები და ფიქრი, ხელოვანის მთავარი ატრიბუტი

ბავშვობიდან მიყვარდა ხელნაკეთების დამზადება, სერიოზულად ეს საქმე  კი  ათი წლის წინ დაიწყო. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ყვარს სახლების დამზადება და  თბილი გარემო შექმნა. უფრო მეტად ზღაპრული სახლების დამზადება მოსწონს და  ყოველ წელს  ახალ ახალი იდეები ებადება. უყვარს ხატვა, წერს ლექსებს.
შეძლია, თვეობით იჯდე და   ფანტაზიით ამზადონივთები თოჯინები, სკივრები, სანათები, სახლები. წელს „თბილისი მოლში“ ქონდა სტენდი.  – თვითნასწავლი ხელოვანის, ანუკა ღუდუშაურის პერსონა.

–  ბავშვობის ყველაზე ლამაზი პერიოდი მთაში ცხოვრება იყო, ვფიქრობ, შთაგონება ბუნებიდან იწყება, ყოველთვის მინდოდა ზღაპრული სამყაროს შექმნა – როგორშიც ვცხოვრობდი, ისეთის.
თოჯინები, სკივრები, სანათები…  პირველი ნამუშევრები…
– ყოველთვის მიყვარდა რაღაცების დამზადება, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდი, რომ რამე შემეძლო. იდეა, როგორც ასეთი, რომ რამე დამემზადებინა და ამისთვის ბიზნესის სახე მიმეცა, დაახლოებით 10 წლის წინ დამებადა, თუმცა არაფერს  ვაკეთებდი. მეგონა, არ გამომივიდოდა.
თავიდან ქუჩაში ვყიდდი, შემდეგ სამსახურში თანამშრომლებიც ყიდულობდნენ რაღაცებს. 2 წელია, რაც ბაზარზე გავედი. სამწუხაროდ, ამ საქმიანობას ჯერჯერობით ერთჯერადი სახე აქვს და მხოლოდ საახალწლოდ გავდივარ  რომელიმე მოლში.
– ბოლოს რატომ შეჩერდით სახლებზე?
– სახლებზე არ შევჩერებულვარ. უამრავი იდეა მაქვს და ძალიან ბევრ რამეს ვამზადებ. უბრალოდ სახლების გაკეთება ყველაზე მეტად მიზიდავს და მინდა თბილი გარემო შევქმნა. უფრო მეტად ზღაპრული სახლების დამზადება მიყვარს, ყოველ წელს ახალ-ახალი იდეებით ვარ და წინა ნამუშევრები აღარ მომწონს.
– როგორ ამზადებთ სახლებს? რამდენ ხანს უნდებით ერთი სახლის დამზადებას?
– ვამზადებ, რაც ხელში მომხვდება – ყველაფრისგან – მდინარეზე შეგროვებული ჯოხებით, ხით მუყაოთი და ნებისმიერი რამ, რაც მომხვდება. არასდროს ვიცი, რას ვაკეთებ, როცა ვიწყებ, არ ვიცი, როგორი იქნება, სანამ არ დამთავრდება. ზოგს ერთი დღეს ვანდომებ, ზოგსაც – ორ კვირას.
– ალბათ მოსწონთ თქვენი სახლები… როგორ სახლებს ანიჭებენ უპირატესობას?
– ძალიან მოსწონთ, ზოგი მომხმარებელი იდეებსაც მაწვდის. ზოგთან დიდხანს ვსაუბრობ. მეკითხებიან რაღაცებს და ვპასუხობ. დიდი ემოციაა, როცა აღფრთოვანებულები არიან და მაქებენ. ეს ყველაზე დიდი სტიმულია ჩემთვის.
– საახალწლო სოფლები… როგორ ამზადებთ ამ სახლებს?
– ზოგადად ახალი წელი მიყვარს და საახალწლო განწყობა ახალ წლამდე დიდი ხნით ადრე მეწყება. მინდა ეს განწყობა ნამუშევრებშიც გადავიტანო.
ნივთების დასამზადებლად განსაკუთრებული გარემო არ მჭირდება. სიჩუმეში მუსიკის გარეშე ვამზადებ ნივთებს და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რასაც ვამზადებ. ორ რამეზე ერთდროულად ვერ ვფიქრობ.
– წელს „თბილისი მოლში“ გქონდათ სტენდი…
– ხანდახან არ მჯერა, ისეთი დადებითი ემოციები მოდის ადამიანებისგან, როცა მოსწონთ ნამუშევრები, თუმცა ვიცი, მეტი შემიძლია. ყველაფერს დახვეწა სჭირდება. ვფიქრობ, მომავალში უკეთესად გავაკეთებ. ბევრი ნიჭიერი ადამიანიც გავიცანი, თვითონაც რომ ამზადებენ ხელნაკეთებს, ბევრმა ჩემს სტენდზე თავისი ნამუშევრების დალაგებაც შემომთავაზა  და დავალაგე. სასიამოვნოა ხალხთან ურთიერთობა.
– ჰობი…
–  რამდენიმე ჰობი მაქვს და ყველა სიმშვიდეს უკავშირდება. მიყვარს სიჩუმე, მიყვარს სიმშვიდე და ბუნება. მინდა უბრალოდ პატარა სამყარო მქონდეს, სადაც სიკეთე, სიმშვიდე და სიყვარულია.
– გვიამბეთ ოჯახზე,  მეუღლეზე, შვილებზე… როგორ გიწყობენ ხელს თქვენს საქმიანობაში?
– მყავს 5 წლის გოგონა და წელს ველოდებით მეორეს კიდევ. არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც მაქსიმალურად მიწყობს ხელს, ვაკეთო ის, რაც მიყვარს. მეუღლის გარეშე ვერაფერს დავძლებდი.  ყველაზე დიდ სტიმულს ის მაძლევს. სახლი სახელოსნოდ მაქვს გადაქცეული და თუ დავიწყე მუშაობა, ვერ ვჩერდები. 2 ან 3 თვე ყოველდღე ვაწყობ და ვღებავ. ყველა თავისებურად მეხმარება ამაში. ბავშვიც ჩემთან ერთად აწყობს ხოლმე რაღაცებს. შემოქმედებითი თვალსაზრისით ეს მისთვისაც კარგია.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად ვისვენებ. მაქვს პერიოდი, როცა არაფერს  ვაკეთებ. უბრალოდ მინდა არაფერი ვაკეთო. იმიტომ, რომ ვიცი, როცა დავიწყებ, ვერ ვჩერდები.
– სამომავლო გეგმები…
– არასდროს ვგეგმავ არაფერს. არ ვიცი, ხვალ რა იქნება. არც ის ვიცი, ამ ყველაფერს რა სახე ექნება.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები