ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობს სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, წერს მინიატურებს და პარალელურად იბეჭდება პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებში.
2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გამართულ კონკურსში მიიღო პრემია „წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოებებისთვის”. ასევე არის გოდერძი ჩოხელისა და რევაზ ინანიშვილის სახელობის კონკურსების გამარჯვებული.
2014 წელს გამოიცა მისი მინიატურების კრებული – „ცერცვისტოლა ამბები“…
ამბობს, რომ წერის გარეშე არ შეუძლია, წერს და აგროვებს სიტყვებს: „როგორც მტვერწაყრილ მარგალიტებს, ისე ამოვიწერ ხოლმე სიტყვებს და მერე ვფიქრობ ამ სიტყვებზე“… სწორედ სიტყვაა მისი შთაგონების წყაროც. – მწერალ ნინო ქადაგიძის პერსონა.
– ბავშვობა ძალიან ტკბილად მახსენდება, ალბათ როგორც ადამიანების უმრავლესობას. ეს ყველაზე ლაღი, ნებიერი და ტკბილი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. დედასთან და მამასთან დაცულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მამის მშობლებთან, რომლებიც ქიზიყში ცხოვრობდნენ და არდადეგებს ბებია- პაპასთან ვატარებდი.
ეს საოცრებების ხანა იყო ჩემს სიცოცხლეში, გათენება მიხაროდა, ბებიას ხმის გაგონება მიხაროდა… ისე უხვად მაჩუქებდნენ ხოლმე ის მოხუცი ადამიანები ზრუნვას, მოფერებას, სიხარულს, ახლა რომ ვფიქრდები, მიკვირს კიდეც, ამდენ სითბოს როგორ ატარებდნენ-მეთქი, ან როგორ შეეძლოთ ამდენის გაცემა. დაუსრულებლად შემიძლია მათზე საუბარი და საუკუნოდ მადლობელი ვიქნები ჩემი პაპა-ბებიის.
მგონია, თუ ჩემს სულს შეუძლია ციცინათელასავით ღამეში ოდნავ ანათებდეს, ეს მათი ჩემდანი სიყვარულისა და ზრუნვის დამსახურებაა. ცერცვისტოლა ამბებიც – მინიატურებიც მათ ხსოვნას მივუძღვენი.
– ისე ლამაზად ყვებით, წერასაც ბავშვობიდან დაიწყებდით…
– არც კი მახსოვს, როდის დავიწყე წერა, ასო-ნიშნების მოხაზულობაც კი არ ვიცოდი, რომ გარითმულ სტრიქონებს დედას ვეუბნებოდი და დედა იწერდა, პირველი კლასის მერე თავადაც ვიწერდი. პატარა რომ ვიყავი „ჩვენი გიჟპოეტაო“, – ასე მომმართავდნენ ხოლმე სახლში და იცინოდნენ. სულ კალმით და ფურცლით დავდიოდი და ვწერდი, ვწერდი, ვწერდი გაუთავებლად… ახლაც მაქვს შემონახული ბავშვობის ჩანაწერები. მერე, უკვე მოგვიანებით, ლიტერატურულ საიტებზე ვაქვეყნებდი, პირველი ნაბიჯები „ლიტერატურულ პალიტრაში“ ავიდგი, თუ შეიძლება ითქვას, და შემდეგ სხვა პერიოდული ჟურნალ-გაზეთიც ბეჭდავდა ჩემს მინიატურებს.
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრეთ. რით იყო ეს წლები დასამახსოვრებელი?
– უნივერსიტეტში ფრანგულ ფილოლოგიას ვსწავლობდი და რამდენჯერმე ვცადე საბუთები გადამეტანა ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვახერხე. დეკანატში რომ შევდიოდი თხოვნით, მეუბნებოდნენ, სად მიდიხარ, დაასრულე აქ და მაგისტრატურა გააგრძელე, თუ გინდა ქართული ფილოლოგიის განხრითო, მერე ჯგუფელების და შეჩვეული გარემოს დატოვებაც მიძნელდებოდა და ასე შემოვრჩი მეხუთე კორპუსს, მივიღე ბაკალავრის ხარისხი ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში. რომ გითხრათ, ამ დროს ბევრს ვწერდი-მეთქი, არა, შემოქმედებითად ყველაზე ღარიბი წლები სტუდენტობის პერიოდი იყო. ფრანგულად ჩანახატებს კი ვიწერდი ხოლმე, მაგრამ ეს საყურადღებო არ იყო, ჩემთვის ვჯღაბნიდი….
მოგვიანებით კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა შუა საუკუნეების ქრისტიანული ლიტერატურის განხრით. იმ პერიოდშიც რატომღაც მხოლოდ ძველი ხელნაწერები და სასულიერო ლიტერატურა მაინტერესებდა და დიდ დროს ვუთმობდი, ეფრემ ასურის ხელნაწერებზე ვმუშაობდით და ძალიან საინტერესო იყო, ვსწავლობდი ბერძნულ და ლათინურ ენებს და ამან ისე გამიტაცა, წერაც კი გადამავიწყდა. დილიდან საღამომდე ხელნაწერთა ინსტიტუტში ვიჯექი.
– სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობთ. 20 წელზე მეტია, სკოლაში ხართ… როგორც მწერალს, რა შეგძინათ ამ წლებმა?
– სკოლაში უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მივედი – ჯერ ფრანგული ენისა და ლიტერატურის, შემდეგ – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და დავრჩი. მივხვდი, რომ აქ იყო ჩემი ადგილი. მახსოვს, ერთხელ დაწყებითის მასწავლებელმა გააცდინა და მე მთხოვეს, შემეცვალა. იმ დღით მოვხვდი პირველკლასელებთან.
შევაღე საოცარი სამყაროს კარი, მაშინ ვიგრძენი, რომ სითბო და სინათლე გამომატანეს იმ ბავშვებმა და პარალელურად დავიწყე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაც, მზეს ვხატავდით ხოლმე დაფაზე და მზეში ვწერდით ქართულ ასოებს, ვაცოცხლებდით და ამბებს ვყვებოდით ანბანის ყველა ასო-ნიშანზე და ისეთი სახალისო იყო…
მერე გამიტაცა არა მხოლოდ ანბანის, „ვეფხისტყაოსნის“ და ჰაგიოგრაფიის სწავლებამ. ერთი სიტყვით, ბავშვებთან ერთად ვიზრდებოდი და თამამად შემიძლია ვთქვა, ვსწავლობდი კიდეც. როდესაც მასწავლებელი ხარ, გამუდმებით უნდა სწავლობდე თავადაც, რა თქმა უნდა, სხვა პროფესიის ადამიანებისთვისაც საჭიროა, მაგრამ მასწავლებელს განსაკუთრებულად მოეთხოვება.
ბავშვებთან ერთად ვკითხულობდი თავისუფალ დროს საბავშვო ლიტერატურას, ვარჩევდით, ვკამათობდით, ვიცინოდით და ვტიროდით კიდეც. პირველად მახსოვს, გოდერძი ჩოხელის „ლუკას სახარების“ კითხვისას ვეღარ შევიკავე ცრემლი და ბავშვებიც ჩემთან ერთად ატირდნენ…
– ბავშვის სული ძალიან სათუთია… როგორ უნდა მოახერხოს მასწავლებელმა მისი სულის გახსნა და გაზრდა?
– ეგ ძალიან ადვილია, როდესაც გიყვარს. უპირობოდ უნდა გიყვარდეს ბავშვები და ის, რასაც ასწავლი, ანუ შენი საგანი. ბავშვები ძალიან ჭკვიანები და დაკვირვებულები არიან და პატარა სიყალბესაც არ გაპატიებენ, ხმის ტემბრით და გამოხედვით გრძნობენ შენს დამოკიდებულებას მათ მიმართ. როცა ხვდებიან, რომ მათი გულშემატკივარი ხარ, სულით ხორცამდე გენდობიან და მოგყვებიან.
ეშლებოდათ ხოლმე და გაკვეთილზე ხშირად უთქვამთ: – დეე, დედაა, დავწერე, ნახე, აბა! ლექსებს მიძღვნიდნენ ხოლმე, ერთმა მოსწავლემ ასეთი ლექსი დამიწერა: „ქალბატონო ნინო, ლამაზო და მშვენიერო, ვაჟას მოყვარულო და „ვეფხისტყაოსანო“.
ეს სიტყვები ისეთი ძვირფასია, სანამ ცოცხალი ვარ, სულ მემახსოვრება, იმ ფურცელს კი დღემდე ვინახავ. ბავშვებს ფიქრი და საქციელის გააზრება უნდა ასწავლო… დაუსრულებლად შეიძლება ბავშვებზე საუბარი….
– გამოცემული გაქვთ მინიატურების კრებული „ცერცვისტოლა ამბები”. როგორ წერთ ამ პატარა დიდ ამბებს?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს მინიატურები ჩემს ქეთო ბებიას და ნიკო პაპას ხსოვნას მივუძღვენი, ბავშვობიდან, ქიზიყიდან წამოყოლილი სიტყვების და გამონათქვამების მარცვლებია ამ მინიატურებში. ზოგადად, ძალიან მიყვარს ქართული სიტყვა, განსაკუთრებულად უკვე დავიწყებული სიტყვები, ლექსიკონიდან აი, როგორც მტვერწაყრილ მარგალიტებს, ისე ამოვიწერ ხოლმე, მერე ვფიქრობ ამ სიტყვებზე და პერსონაჟის სახე და სათქმელიც თავად სიტყვებს მოჰყვება. თუ სამი მივიწყებული, ლამაზი მარგალიტის სიტყვა მაინც ამოვკრიბე ლექსიკონიდან ან ქიზიყში გაგონილი ამბებიდან, უკვე მინიატურის დაწერას არაფერი უდგას წინ. ასე რომ, სიტყვაა ჩემი შთაგონების წყარო.
– გოდერძი ჩოხელისა და რევაზ ინანიშვილის სახელობის კონკურსების გამარჯვებული. 2021 წელს კი კულტურის სამინისტროს მიერ მოწყობილ კონკურსში მიიღეთ პრემია „წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოებებისთვის”… და მაინც, რომელი ჯილდოა თქვენთვის ყველაზე მეტად ძვირფასი?
– ყველაზე მეტად ადამიანების სიყვარულია ძვირფასი. იცით, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც მინიატურების წაკითხვის შემდეგ მადლობა გადაუხდია მკითხველს და ესაა ყველაზე დიდი ჯილდო. ამის მეტი, ღმერთი დამეფიცება, რომ არაფერი მსურს. მთავარია, ჩემს მკითხველებს უყვარდეთ ჩემი დაწერილი მინიატურები.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– წერის გარეშე არ შემიძლია, ვიწერ და ვაგროვებ სიტყვებს. ძალიან ბევრი ამბავი მიტრიალებს თავში და დიდი ქაოსი მაქვს, იმედია, გადმოვიტან ფურცელზე და სახეს მივცემ, არ ვიცი, ისევ მინიატურები იქნება ეს თუ უფრო გრძელი ამბავი…. ვნახოთ, რა გამომივა.
– ჰობი…
– წერა და ლექციების ჩანაწერების მოსმენა მიყვარს Youtube-ზე. ასევე გამუდმებით ვუსმენ აუდიოწიგნებსაც.
– ერთი ლექსი…
– ერთი ლექსის მაგივრად ეს პატარები ამოვარჩიე „კვირას“ მკითხველისთვის…
* * *
„მაპატიე“ – სააქაოდან საიქიომდე გადებული ბეწვის ხიდია.
* * *
წვიმის ეტიუდი – სარეცხის თოკზე გაფენილი სველი ნოტები.
* * *
აცივდა – მინდვრების ფერად ჰერბარიუმს ფურცლავენ ნოემბრის ქარები.
* * *
ბაღში მოფუსფუსე პაპაჩემს, ფოთოლი მხარზე ჩიტივით აზის. შემოდგომაა.
* * *
ისე ლამაზად მიღიმოდი ძველი ფოტოდან, მიცვალებულთა ლოცვისათვის ვერ გაგიმეტე.
* * *
გატკინეს? ნუ დარდობ, შენ მარცხნივ მი-გუ-ლე!
* * *
დავარდნილს მხარი შეაშველა, წამოაყენა, რომელი იყო ამათგან ღმერთი, ვერ გავარჩიე.
* * *
მოკვდა მწერალი. მისი გული გადაშლილი წიგნივით ედო ღმერთს მუხლებზე
და კითხულობდა.
* * *
სული სხეულში ეძებს ღრიჭოებს, თუკი იპოვის – ფრიიი…
* * *
ერთხელაც მინდა ჩავუარო, მოწყალებას რომ ითხოვს იმ ბავშვს, მოვიძიო, ხურდა არ მქონდეს და მის ნაცვლად გული ჩავუგდო!
* * *
ვენახიდან დაბრუნებული და შაბიამნით დაწინწკლული პერანგის ფერია პაპაჩემის სამოთხე.
* * *
ღმერთმა კიდევ ერთი ცოდვა აპატია, როცა წვიმის შემდეგ მისი საფლავის ჩაღრმავებული ჯვრიდან ჩიტებმა წყალი დალიეს.
* * *
ბაღში პაპის დარგული უკანასკნელი ხე მოჭრეს, დავინახე, როგორ წამექცა ხელდახელ გამხმარი ბერიკაცი.
* * *
– აღარ მიყვარხარ! საყვარელი ფინჯანივით გატეხილი – სიტყვის ნამსხვრევები.
* * *
ყვავილი – წყლით, ადამიანი ცრემლით ირწყვება…
– ხომ არ აპირებთ ახალი კრებულის გამოცემას?
– თუ რომელიმე გამომცემლობა დაინტერესდება, დიდი სიამოვნებით დავაპირებდი.
– მგონია, რომ გამომცემლობები დაინტერესებულნი არიან ავტორებით, წიგნებიც გამოცემის სიმწირესაც არ ვუჩივით… ასე არ არის?
– გამოიცემა, მაგრამ რატომღაც ახალი სახელების ეშინიათ, მინიატურების ეშინიათ. სადაც გავაგზავნე, ყველგან პასუხი დამიბრუნდა, არა, მადლობა მინიატურებს არ გამოვცემთ, აი, რომანი თუ გაქვთო? ან უბრალოდ მადლობას გიხდიან და დამთავრდა, თუ საკუთარი ფინანსებით გამოსცემ, მაგრამ ეგეც პრობლემაა, მერე წიგნს რომ უპატრონო, მაღაზიებში შეიტანო და ა.შ…
მე ჩემს გულისტკივილს ვიტყვი, კარგი იქნებოდა, ჩვენი გამომცემლობები თანამედროვე ქართველი ავტორების გამოცემითაც თუ დაინტერესდებოდნენ…
– სამომავლო გეგმები….
– „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“, – ასეთი ანდაზა გვაქვს ქართველებს. სიცოცხლეს ვგეგმავ, თუ ღმერთი ინებებს…
თამარ შაიშმელაშვილი