ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის სამი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე: 1954 წელს დაბადებული ნაირა ვ, 1952 წელს დაბადებული მარგალიტა მ. და 1954 წელს დაბადებული თინა ლ. დააკავეს, ხოლო საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული გოჩა მ. ამავე დანაშაულში ამხილეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნაირა ვ-მ და მარგალიტა მ-მ საბერძნეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები თინა ლ-სგან საქართველოში შეიძინეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ თინა ლ-ს გაყალბებულ დოკუმენტებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით გოჩა მ. საბერძნეთიდან უგზავნიდა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნაირა ვ. და მარგალიტა მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი საბუთების გამოყენებით თურქეთის გავლით იტალიაში გამგზავრებას ცდილობდნენ.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).