სოზარ სუბარი: აბსოლუტურად აუხსნელია გამძაფრებული სურვილი, საქართველო ჩაებას ომში
„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, იგივე რომ საქართველოში ხდებოდეს, მე არ მგონია, რომ ამის შემდეგ ვინმეს ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი იმიტომ, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ომში ჩაბმის სურვილი აუხსნელია.
“ეს კატასტროფაა და ამიტომაც აბსოლუტურად აუხსნელია ეს გამძაფრებული სურვილი, საქართველო ჩაებას ომში. როდესაც უკრაინელი პოლიტიკოსები ამბობენ ამას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მე მესმის, რომ მათ საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქება სურთ. როცა იგივე სურთ ქართველ პოლიტიკოსებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. რა დონეზე უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა და მოსახლეობა, რომ ასე გაწირო საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. მთავარია, რომ ქართველი ხალხის ნება სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც სურს ღალატისა და ომის პარტიას, და ეს რამდენიმე კვირის წინ ბათუმში გამართულ არჩევნებზეც დადასტურდა“, – აცხადებს სუბარი.