საქართველოს პრეზიდენტი: გულწრფელად მიკვირს, რაც მოხდა მოსამართლეებთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურებს პარლამენტმა მხარი რატომ არ დაუჭირა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია სწორედ რომ მიუკერძოებლობით და პროფესიონალიზმით არჩევს მოსამართლეებს.
“მე გულწრფელად მიკვირს, რაც მოხდა მოსამართლეებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ჩვენს სასამართლო სისტემას ყურადღებით ადევნებს თვალს. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია სწორედ რომ მიუკერძოებლობით, პოლიტიკური ნეიტრალობით და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, არჩვევს მოსამართლეებს, შესაბამისად, ჩვენ მიერ წარმოდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები, რომლებმაც კომიტეტზე მიიღეს მხარდაჭერა, დღეს პლენარულ სხდომაზე ჩავარდა. თუ ვსაუბრობთ კოორდინაციაზე, კომიტეტები, მე ვფიქრობ, რომ ადეკვატური ადგილია კოორდინაციისთვის. ასეთი კოორდინაცია გავლილი იყო, შესაბამისად, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, პროფესიონალი, მიუკერძოებელი და სამაგალითო მოსამართლეები დღეს პარლამენტმა რატომ ჩამიგდო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს დღეს მხარი არ დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა. მათ დასამტკიცებლად საჭირო იყო სულ მცირე 76 ხმა. კენჭისყრის შედეგად ბაბაქურს მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს – 27-მა. ბაქაქურისა და ძლიერაშვილის კანდიდატურები კომიტეტებში მოწონებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები