ახალაიას ბრალდების მთავარმა მოწმემ გია გორგაძემ პროკურატურა დატოვა
ბაჩო ახალაიას ბოლო ბრალდების მთავარმა მოწმემ გია გორგაძემ თბილისის პროკურატურა ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ის ადვოკატებთან ერთად „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციის გამართვას აპირებდა, სადაც მას სპეციალური განცხადება უნდა გაეკეთებინა. მისი თქმით, სწორედ პრესკონფერენციის ორგანიზების საკითხის გასარკვევად, ადვოკატ გოგა ონიანს ოფისში მიაკითხა, თუმცა ის ადგილზე არ დახვდა. აღსანიშნავია, რომ გია გორგაძის ძმა 2006 წლის „ნათლუხის სპეცოპერაცის” დროს დაიღუპა.
„მე მივედი ადვოკატ ონიანთან, რადგან მსურდა ჩემი ძმის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატის კონსულტაცია მიმეღო, თუმცა, ის ადგილზე არ დამხვდა. ამიტომ მის ოფისში, ჩემი პირადი ტელეფონის ნომერი დავტოვე. მე არ ვიცოდი, რომ გოგა ონიანი ბაჩანა ახალაიას ადვოკატი იყო. მე მასთან მივედი, რადგან ჩემი ძმის მკვლელობის საქმეზე დამნაშავე პირების ვინაობა ამ დრომდე ცნობილი არ არის და ვიფიქრე, ონიანი დამეხმარებოდა დეტალების გარკვევაში. მისი მისამართი ინტერნეტის დახმარებით გავიგე”, – აღნიშნა გია გორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ გია გორგაძე გაიტაცეს.