კასიანოვი: რუსეთი ცდილობდა, მოეწვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა, მაგრამ ის გაუშვეს იმ მიმართულებით, სადაც უკრაინის სამხედროები რუსულ გემებს უშვებენ
ჩვენი მსოფლიო თანამეგობრობა დგას არჩევანის წინაშე – მოისმინოს მოსკოვის ულტიმატუმები და სიცრუე ან ააშენოს ისეთი უსაფრთხოების სისტემა, რომ არცერთი სახელმწიფო არ შეეცადოს თავს მოახვიოს თავისი ცრუ ხედვა მთელ მსოფლიოს, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე საუბრისას საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოს სხდომის მოწვევას რუსეთიც ცდილობდა, თუმცა, ის იმ მიმართულებით გაუშვეს, სადაც უკრაინელი სამხედროები რუსულ გემებს უშვებენ.
ამასთან, კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს, რომელმაც, მისი შეფასებით, არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას, არამედ, ამ გადაწყვეტილების თანაავტორი გახდა.
„გაიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა. რუსეთი ცდილობდა, თავად მოეწვია ეს სხდომა, მაგრამ ის გაუშვეს იმ მიმართულებით, სადაც უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები რუსულ გემს უშვებენ. გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა ასევე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც დასვა საკითხი ამ ორგანოს როლის თაობაზე და ბატონი ზელენსკი მართალი იყო, რადგან მორიგი სხდომის დროს გაეროს უშიშროების საბჭომ აჩვენა ამ ორგანოს უძლურობა. ჩვენი მსოფლიო თანამეგობრობა დგას არჩევანის წინაშე – მოისმინოს მოსკოვის ულტიმატუმები და სიცრუე ან ააშენოს ისეთი უსაფრთხოების სისტემა, რომ არცერთი სახელმწიფო არ შეეცადოს, თავს მოახვიოს თავისი ცრუ ხედვა მთელ მსოფლიოს. ეს ე.წ. სპეცოპერაცია პირველივე წუთიდან გადაიქცა ფართომასშტაბიან ომად. როგორც გამოაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა, მისი მთავარი მიზანი უკრაინის დენაციფიკაციაა. რუსი იდეოლოგების ტერმინის უკან არის უკრაინის, როგორც ერის სრული განადგურება. გაერომ შეაჩერა რუსეთის წევრობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ, გახდა ამ გადაწყვეტილების თანაავტორი. მაგრამ ამან ომი არ შეაჩერა“, – განაცხადა კასიანოვმა.