„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების შეჩერებასთან დაკავშირებით რუსეთის მხარესთან საუბარი გვექნება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების შეჩერებასთან დაკავშირებით რუსეთის მხარესთან კონსულტაციები გაიმართება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმების შეჩერება დიდი ტრაგედია არ არის.
“ჩვენ გვექნება ამის თაობაზე კონსულტაცია. უკვე გუშინ ვესაუბრე ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს და ჩვენ გვექნება საუბარი რუსეთის მხარესთან. მიმაჩნია, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ეს არ არის ძალიან დიდი ტრაგედია. გვექნება საუბარი და მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას. როგორც რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტშია ნათქვამი, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან. საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები