ნინო წილოსანი: სახელმწიფოს მიაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად პრიორიტეტებს წარმოადგენს ქალების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, მათი ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები და მათი დაცვა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.
„ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა ფუნდამენტური ნაბიჯები ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და გენდერული თანასწორობისთვის თუმცა, ამ ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა ასაკში ქორწინების მაჩვენებელი ამასთანავე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ჯერ კიდევ დაბალია”, – განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პარლამენტში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მიხედვით, საქართველო 192 ქვეყანას შორის 119-ე ადგილს იკავებს ასევე, გენდერული თანასწორობის კუთხით, არის სხვა ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, როგორიცაა ქალების ნაკლები მონაწილეობა ეკონომიკაში და მათი ამ კუთხით გაძლიერება. ნინო წილოსანის განცხადებით გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ ქალების სეგრეგაცია ხდება უფრო დაბალ შემოსავლიან პროფესიებში ასევე, გენდერული ნიშნით სახელფასო განსხვავება, ბიზნესის სფეროში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე ქალების მცირე რაოდენობა. როგორც ნინო წილოსანმა განმარტა, 2006 წელს, როდესაც მიღებული იქნა გენდერული თანასწორობის კონცეფცია, არ არსებობდა გენდერული თანასწორობის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი მუდმივმოქმედი ინსტიტუციური მექანიზმები.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული კონცეფცია მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების ზოგად აღწერას, იგი არ ითვალისწინებს აღნიშნულ სფეროებში კონკრეტული მიმართულებების იდენტიფიცირებას. ასევე, არ ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემატურ საკითხებს, როგორიცაა გენდერული, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევას, ბავშვთა ქორწინების და სხვა საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას, ქალებს, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი თქმით, სწორედ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, წარმოდგენილია გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით გარანტირებულ არსებით თანასწორობას ეფუძნება.
სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს კაცებისა და ქალებისთვის არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ამავდროულად, ემყარება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებს, რომლის მონაწილეც არის საქართველო.
„ამ კონცეფციის ფარგლებში, დავფარეთ ყველა ძირითადი მიმართულება, რომელიც კი საერთაშორისო სტანდარტით არსებობს. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად პრიორიტეტებს წარმოადგენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები და მათი დაცვა. გენდერული ძალადობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა, ბავშვთა ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრა, ქალები მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგი, ადამიანით ვაჭრობა და სექსუალური ექსპლუატაცია, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა. ხელოვნება და სპორტი, გენდერული მეინსტრიმინგი.
თითოეული ამ მიმართულებით, კონცეფციაში დეტალურად არის გაშლილი ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს და რომელსაც სახელმწიფომ თავისი განაცხადით და ამ კონცეფციის ძირითადი შინაარსით უნდა უპასუხოს, რაც უკვე შემდგომში, სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებში თუ კანონმდებლობებში ჩაიშლება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს საკანონმდებლო ბაზის მუდმივ გადახედვას, მისი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას და სათანადო განხორციელების უზრუნველყოფას. ამავდროულად, გენდერული თანასწორობის დაცვის სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებას, ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში სტრატეგიის დოკუმენტებში თემატურ პროგრამებს და სხვა პოლიტიკის დოკუმენტებში გენდერული თანასწორობის პრინციპების ზედმიწევნით გათვალისწინებას.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სადაც გათვალისწინებულია ექსპერტებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების შენიშვნები და მოსაზრებები. მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია დაინიცირებულია მულტიპარტიულ ფორმატში, რასაც ხელს აწერს თითქმის ყველა პოლიტიკური ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი.
„ამ კონცეფციას ფაქტიურად, საერთო თანხმობის სახე აქვს გენდერული თანასწორობის და ქალების გაძლიერების კუთხით”, – განაცხადა ნინო წილოსანმა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალ კონცეფციას მხარი დაუჭირა.