დედა იბრძვის, ხოლო მამა შვილს ზრდის – რა პრობლემებს აწყდებიან ქალი სამხედროების ოჯახები უკრაინაში

სამხედრო მოსამსახურის, იარინა ცერნოგუზის ისტორია  ერთ-ერთი მრავალთაგანია. ქალი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ხოლო მისი ყოფილი მეუღლე ალექსანდრი ბავშვის აღზრდით არის დაკავებული. ქალს საზღვარგარეთ არ გაუშვებენ, ვინაიდან ის კონტრაქტორია, ხოლო მის ყოფილ მეუღლეს – იმიტომ, რომ მამაკაცების კატეგორიაში ხვდება, ვისაც ქვეყნის დატოვება არ შეუძლია, ჯარში გასაწვევი ასაკის გამო. მათი საერთო ქალიშვილი საზღვარგარეთ მეგობრებმა გაიყვანეს და ახლა მშობლებს მისი წამოყვანა არ შეუძლიათ.


„უკრაინსკაია პრავდა“ ეცადა გაერკვია, შეუძლია თუ არა მამაკაცს ბავშვთან ერთად წასვლა საზღვარგარეთ, თუკი დედა სამხედროა.


ომის პირველ დღეებში, მასობრივი ისტერიის ფონზე, იარინას ყოფილმა მეუღლემ ქალიშვილი ორისია თავის ნაცნობებთან ერთად პოლონეთში გაგზავნა. მან ეს მეუღლესთან შეუთანხმებლად გააკეთა, მაგრამ როგორც იარინა ამბობს – კეთილი სურვილებით. რატომ არ უშვებენ მამაკაცს საზღვარგარეთ შვილთან ერთად, თუკი დედა სამხედროა?

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, 24 თებერვლიდან იკრძალებოდა 18-60 წლის ასაკის მამაკაცებისთვის საზღვრის გადაკვეთა, მცირედი გამონაკლისებით.

წასვლის მცდლობისას იარინას ქმარი საზღვარზე არ გაუშვეს და მან სამხედრო ნაწილს მიმართა. იქ მას უცნაური რჩევა მისცეს: ჩამოერთმია მეუღლისთვის მშობლობის უფლება  და მაშინ ის ერთადერთი მეურვე დარჩებოდა. ასეთ შემთხვევაში, მას უფლებას მისცემდნენ, რომ საზღვარგარეთ წასულიყო, მაგრამ მან უარი განაცხადა. სხვა ვარიანტები არ ჰქონდა.

„აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა ჩვენ ორივე დავიღუპოთ და ბავშვი საზღვარგარეთ მარტო დარჩეს ასეთ პატარა ასაკში“, – ამბობს იარინა.

თეორიულად, არსებობს სხვა გამოსავალიც – ხუმრობით აღნიშნა ქალმა – საკუთარი თავის გარდაცვლილად გამოცხადება.

„მაშინ შესაძლოა მეუღლე ბავშვთან გაუშვან. ჩემი გარდაცვალების მოწმობით… მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მესაზღვრეებზე იმოქმედებდა“, – განმარტა იარინამ.

იარინას ესმის, რომ ასეთი ხერხით ბევრი მამაკაცი შეეცდება მოიტყუოს და უკრაინიდან გაიქცეს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი მეუღლე ასე არ მოიქცევა.

„ჩემი ყოფილი მეუღლე აქტივისტია. ის არ მიეკუთვნება იმ მამაკაცების რიცხვს, რომლებიც საზღვარგარეთ გარბიან. ერთი თვის შემდეგ, როდესაც ორისიას საკითხის გადაწყვეტას ვცდილობდით, ის ტერიტორიულ თავდაცვაში ჩაეწერა“, – ჰყვება ქალი.

იარინა. ფოტო არქივიდან

„ეს ვითარება ერთ-ერთი საკანონმდებლო იაღლიშია. ახლა მოქმედებს სხვადასხვა კატეგორიის აკრძალვა მამაკაცებისთვის  საზღვარგარეთ გასვლის შესახებ. არსებობს გამონაკლისები, მაგრამ კონკრეტულად ეს შემთხვევა არ ხვდება არცერთ მათგანში, რადგან ბრძანებაში არ არის გათვალისწინებული მომენტი, როდესაც დედა სამხედროა“, – ამბობს ადვოკატი, Miller Law Company-ის სასამართლო პრაქტიკის ხელმძღვანელი იანა კოპიტინა. 

დედის ან მამის არყოფნის დამტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია. მიუხედავად ყველაფრისა, ეს საბუთიც არ ართმევს მშობლებს მეურვეობის უფლებას – ყველაფერი სასამართლოთი წყდება. დადებითი პასუხის მისაღებად, სასამართლომ უნდა განიხილოს საფუძვლიანი მიზეზები.

ვის შეუძლია წასვლა?

პრეზიდენტის 2022 წლის 24 თებერვლის ბრძანებაში მითითებულია გამონაკლისები. ზოგიერთ მამაკაცს შეუძლია დატოვოს ქვეყანა. ეს მრავალშვილიანი მამები ან შშმ ბავშვის მამები არიან.

„საკანონმდებლო მექანიზმი მიზნად ისახავდა, თავიდან აეცილებინა სპეკულაციები, მაგრამ ასეთი ვითარება მიიიღეს – ერთგვარი სექსიზმი, რომელიც არავის გაუთვალისწინებია“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ახლა ასეთი ოჯახისთვის შესაძლოა მხოლოდ ერთი ვარიანტი გამოდგეს. ბავშვის ქვეყნაში შეყვანა ან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ მესამე პირზე მინდობილობის დაწერით. დედა ან მამა, რომელიც 18-60 წლის ასაკშია და სამხედრო მსახურია, საზღვის გადაკვეთა არ შეუძლია.

როგორც ადვოკატი ამბობს, ახლა საზღვარზე უამრავი პრობლემური ვითარებაა. მაგალითად, მამას სამი ბავშვით არ უშვებდნენ, რადგან  მრავალშვილიანობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა.

ასევე შეიძლება შეიქმნას პრობლემა, თუკი საზღვარგარეთ ბავშვები მიჰყავს მამობილს. ასეთ ვითარებაში წინასწარ უნდა მომზადდეს საბუთები, რომ მამაკაცის ქმედება ლეგიტიმურია.

ფოტო პირობითია

გამონაკლისი: პირადი ნებართვა

იარინას საქმე მისი ცნობადობის გამო დაიძრა. მეგობრებმა Facebook-ზე იპოვეს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა და დაუკავშირდნენ. სამხედროებთან, მის კოლეგებთან და მეუღლესთან საუბრის შემდეგ იარინას მეუღლეს პირადი საშვი მისცეს.

ჯერ არ გადაწყვეტილა, დაბრუნდება თუ არა მისი მეუღლე უკრაინაში, ქალიშვილთან ერთად, უახლოეს დროში თუ ჯერჯერობით იქ დარჩება.

„მე მინდა, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. ჩემმა გოგონამ ძლიერი ტრავმა გადაიტანა, როდესაც კიევს ბომბავდნენ. მესმის, რომ ის არ არის გამონაკლისი, მაგრამ ახლა ჩვენ მისთვის საუკეთესო გამოსავალზე ვფიქრობთ“, – თქვა იარინამ.

პირველი აპრილს, რადას სხდომაზე მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ამარტივებს ასეთი საკითხების გადაწყვეტას სამხედროების ოჯახებისთვის.

კერძოდ, კონტრაქტისგან გაათავისუფლებენ:

  • ორსულ ქალ-სამხედროებს;
  • მათ, ვინც დეკრეტულ შვებულებაშია;
  • ერთ-ერთ მეუღლეს, თუკი ორივე სამხედრო მსახურებას გადის და ჰყავთ შვილი ან შვილები 18 წლამდე ასაკის;
  • სამხედროებს, რომლებიც შვილებს მარტო ზრდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები