სამი ჩერნობაევკა – უკრაინული „ბერმუდის სამკუთხედის“ ისტორია ხერსონის რაიონიდან

2022 წლის 24 თებერვლამდე ამ სოფლის სახელი უკრაინის სამხრეთში, ხერსონიდან ათი კილომეტრის დაშორებით, ცნობილი იყო მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და არქეოლოგების – ბრინჯაოს ხანის და სკვითური დროის სამარხების მკვლევარებისთვის. დღეს საძიებო ველში „ჩერნობაევკას“ ჩაწერისას მხოლოდ უკრაინულ ენაზე Google იმაზე მეტ ბმულს გვიჩვენებს, ვიდრე ამ 11-ათასიან დასახლებაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობაა.

რუსულმა ოფიციალურმა წყაროებმა, მთელი ომის განმავლობაში, ჩერნობაევკა  მხოლოდ ერთხელ ახსენეს, როცა განაცხადეს – „დასახლებული პუნქტი კონტროლქვეშაა“.

უკრაიანში ჩერნობაევკას გამუდმებით მოიხსენიებენ. ეს ტოპონიმი რუსულ აგრესიასთან ბრძოლის სიმბოლო გახდა. დღეს ინტერნეტსივრცეში, სულ მცირე, სამი ჩენრობაევკა არსებობს.

პირველი – ფოლკლორში. ჩერნობაევკა – უკრაინული „ბერმუდის სამკუთხედია“, სადაც უგზო-უკვლოდ იკარგებიან რუსი გენერლები და ვერტმფრენები.

ამ ომის მითოლოგიაში სოფელმა ადგილი დაიკავა „კიევის აჩრდილის“ გვერდით (რომელმაც ცნობილ მარშრუტს გაუყენა უამრავი რუსული თვითმფრინავი), კიეველი გოგოს გვერდით (რომელმაც კონსერვის ქილით რუსული დრონი ჩამოაგდო) და ბოშების გვერდით (რომელთაც რუსული ტანკი გაიტაცეს).

მეორე ჩერნობაევკას კვალი შესაძლოა ვიპოვოთ ისტორიულ წყაროებსა და ლეგენდებში. ამბავი აქაც არანაკლებ საინტერესოა.

III საუკუნეში, თანამედროვე ჩერნობაევკას ტერიტორიაზე გოთი ფერმერების დასახლება იყო. IV საუკუნის დასასრულს ისინი იძულებული გახდნენ მიწები დაეტოვებინათ, აღმოსავლეთიდან ჰუნების შემოსევის გამო.

არსებობს ლეგენდა კაზაკ ჩერნობაისა და მის ძმობილ გუსაკზე, რომლებმაც ხერსონთან ორი ფერმა დააარსეს – ჩერნობაევ და გუსარსკი – რაც შემდეგ ერთი სოფელი გახდა. ლეგენდის თანახმად, ჩერნობაი და გუსაკი გამუდმებით ებრძოდნენ პოლონელ აზნაურებსა და თურქ იანიჩარებს.

1917-1920 წლებში აქ „მეფობდნენ“ ბოლშევიკები, ინგლისურ-ფრანგულ-ბერძნული ჯარები, ატამან გრიგორიევის ჯარები, დენიკინელები და ისევ ბოლშევიკები.

მესამე ჩერნობაევკა – რუსი ჯარის მიერ ოკუპირებული. მასზე ძალიან ცოტას საუბრობენ და წერენ. მისი მოსახლეობა საკუთარი სახლის სარდაფში აფეთქებებს ემალება, რომლებიც სამხედრო აეროდრომთან ხდება, სადაც უკრაინის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად რუსული ვერტმფრენები და სხვა ტექნიკა ჯართად იქცევა.


იული აბერეჟკო-კამენსკაია ჩერნობაევკაში დაიბადა და იქ 18 წელი იცხოვრა. შემდეგ კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში ისწავლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ლექსების რვა კრებული გამოუშვა.

„რუსი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ ჩერნობაევკა მოთავსებულია სამკუთხედში ირპენთან, გოსტომელთან და ბუჩასთან. მათ არც კი იციან, სად არის ეს სოფელი, მაგრამ ჩემთვის ზუსტად ეს სამკუთხედია ნაცნობი. მე დავიბადე ჩერნობაევკაში, მრავალი წელი ვმუშაობდი ირპენში და ვცხოვრობ ბუჩაში. ეს ჩემი პირადი სამკუთხედია“, – ჰყვება იულია.

მან „უკრაინულ პრავდათან“ ისაუბრა წლებზე, რომელიც ჩერნობაევკაში გაატარა და ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობს ახლა ოკუპირებული სოფელი.

მოგონებები

„ჩერნობაევკა საბჭოთა დროში სამაგალითო სოფელი იყო – ფერმებით და დიდი ბაღებით. დაწყებით კლასებში რომ ვიყავი, იქ ვაშლს ვაგროვებდით ხოლმე. 1990-იან წლებში ძალიან გვიჭირდა, ფული არ იყო, მაგრამ მათ, ვინც მუშაობდა, ჰქონდათ წიგნაკები კუპონებით, რითიც შეეძლოთ უკრაინული პური მიეღოთ. ეს ძალიან სურნელოვანი პურია და ძალიან დიდხანს გვყოფნიდა. ფუნთუშების ყიდვის მაგივრად, მე ფულს ვაგროვებდი და ხერსონში წიგნებს ვყიდულობდი. მრავალი წლის შემდეგ ეს წიგნები თან წავიღე ბუჩაში. როდესაც თავდასხმა დაიწყო, ერთ-ერთი წიგნი სარდაფში წავიღე. ეს იყო იკზიუპერის „ციტადელი“. მას ხმამაღლა ვკითხულობდი მათთვისაც, ვინ ჩვენთან ერთად სარდაფში იყო.

90-იანებში ჩერნობაევკაში გამუდმებით ითიშებოდა დენი. მახსოვს, კლასში ვისხედით ზამთარში, ქარში და წვიმაში. ხეების ტოტები ძველი სკოლის შუშებს კაწრავდნენ. საღამოს მთელი კლასი სიბნელეში ვიყავით. მხოლოდ ერთი ფითილი ენთო ნავთის სანათში და ვთხოვდით ჩვენს დამრიგებელს, რაიმე საინტერესო მოეყოლა. ის აგათა კრისტის მოთხრობებს გვიყვებოდა, ბასკერვილების ძაღლის საშინელ ისტორიას.

იმ დროს ნათესავმა მაჩუქა კასეტები პოლ მორიას სიმღერებით. მე იმდენად გახარებული ვიყავი ამით, რომ მაშინვე წარმოვიდგინე თეატრალური დადგმა, შემდეგ დავწერე სცენარი, წავიღე სკოლაში და ვთქვი: „მინდა, სპექტაკლი დავდგა“. ეს მეექვსე კლასი იყო. კოსტიუმები არ გვქონდა. ჩვენ მშობლების კარადებიდან ტანსაცმელი წამოვიღეთ, რომელიც, ასე თუ ისე, შეგვეძლო მე-18-19 საუკუნის ტანისამოსად წარმოგვედგინა.

ჩერნობაევკას სუნი ჩემთვის მინდვრის სუნთან ასოცირდება. ზაფხული… ქარს მტვერი მიაქვს… ეს დაგვალული, დამწვარი მიწა… საზამთროები და პომიდორი… ჩემი მშობლები 40 ჯიშის პომიდორს ზრდიდნენ… ასეთი მთელ სამყაროში არსად არის. იმდენად არომატული, წვნიანი და ნამდვილია…

           ოკუპაცია

ჩემი მშობლები ჩერნობაევკაში დარჩნენ. მე მათთან კავშირზე ყოველდღე გავდივარ. იქ ძალიან უმძიმთ. ქოხის ფანჯრები ჩალეწილია. მშობლები, პრაქტიკულად, სარდაფში ცხოვრობენ. სარდაფი ღრმა, ვიწრო და ცივია. იქ მეზობლებიც არიან, რომელთა სახლიც ძალიან დაზიანდა. ზოგის სახლი საერთოდ დაინგრა, ჭურვები ეზოში მოხვდა. ზოგს ნახევარი სახლი წაექცა. ვისაც სარდაფი არ აქვს ან მარტო დარჩენის ეშინია, ისინი ჩემს მშობლებთან არიან.

დედა ამბობს, რომ მიწა სულ მოძრაობს. ისინი არც ისე შორს ცხოვრობენ სამხედრო აეროდრომიდან. ყველა დარტყმას გრძნობენ. დაახლოებით, 1000 სახლიდან 100 შენობა ნაწილობრივ ამ მთლიანად დანგრეულია. დედა გამუდმებით ტირის. ადამიანები მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში არიან.

ცოტა ხნის წინ მაინც დარგეს კარტოფილი. მამაჩემი მეფუტკრეა. მას არ შეუძლია ფუტკრის მიტოვება. ვერსად მიდის მათთან ერთად და ვერც მათ გარეშე. ომამდე ორი დღით ადრე ის საავადმყოფოში მოხვდა გულისა და ბრონქიტის  გამო. სამხედრო მოქმედებების პირველ დღეს ყველა ავადმყოფი გამოწერეს და ცივ სარდაფში ყოფნამ, რა თქმა უნდა, სასიკეთოდ არ იმოქმედა.

ჰუმანიტარული დახმარება ძალიან ჭირს. უკრაინულს ოკუპანტები არ უშვებენ და რუსულის აღება მოსახლეობას არ უნდა. რუსები ცოტა ხანს იდგნენ, ელოდებოდნენ, როდის წაიღებდნენ ჩვენები წამლებს და საკვებს. შემდეგ ყველაფერი მიწაზე  დადეს და წავიდნენ. ადგილობრივებმა კი ამ ყველაფერს საწვავი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

დედა მიყვება: „მივდივარ სასურსათო მაღაზიაში. ავწიე თავი და ვუყურებ – დგას შუა ქუჩაში ტანკი და ჩემზე მომართა სამიზნე. მე ძალიან შემეშინდა. ხელები ავწიე, მაგრამ იქიდან მითხრეს: „გაიარეთ“. ეს  ყველაფერი ძალიან საშიშია. არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვროთ აწი ამ ნანგრევებში“.

მშობლები ლოცულობენ ჩერნობაევკაში და ცდილობენ გადარჩენას. ჩვენ, მიმოფანტული მთელ მსოფლიოში, ვლოცულობთ ჩვენი მშობლებისთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები