ომი და უკრაინელი მოხუცები – ამბავი საშინელ გულგრილობასა და საოცარ სიკეთეზე
„როგორც ჩანს, ამ დღეების განმავლობაში, ჩემი მეურვეობის ქვეშ მყოფთა ცხოვრებით ვიცხოვრე. მე ახლა წითელი ჯვრის მოხალისე ვარ. მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებთა ევაკუაციით ვართ დაკავებულნი დმიტროვკადან, კიევის შემოგარენიდან, ბუჩადან და ირპენიდან.
კიევში, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში გავჩერდით. შეშინებული, დაბნეული, მხედველობა და სმენადაქვეითებული, მძიმედ დასნებოვნებული მოხუცთა თავშესაფრის მკვიდრები წითელი ჯვრის მოხალისეებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, კიევში ჩავიყვანეთ. ჩემთან ერთად იყვნენ წითელი ჯვრის წარმომადგენლები: სერგეი მოსკალიუკი და ევგენი დუშინი. მათ 61 მოხუცი უზრუნველყვეს საფენებით, წყლით, საკვებით და მედიკამენტებით.
მოხუცებისგან გავიგეთ, რომ მათ შორის იყვნენ როგორც სახელმწიფო დაწესებულების მკვიდრები, ისე – კერძო მოხუცთა თავშესაფრის. სახელმწიფო თავშესაფრის ხელმძღვანელი ალინა რევკუნი სოფელში დარჩა. მასთან კავშირი დღემდე არ არის. იქ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მოხალისეებს სჯერათ, რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს.
კერძო დაწესებულების მფლობელის გვარი ჩვენ ჯერაც ვერ გავიგეთ. პენსიონერების თქმით, მან იქ მცხოვრები მოხუცები, უბრალოდ, გარეთ გამოყარა. ისინი სამი დღე იმალებოდნენ სარდაფში, სადაც არ იყო წყალი, საჭმელი, სითბო და შუქი.
ჩვენ მათ ტანსაცმელი შევურჩიეთ, გავათბეთ, დავამშვიდეთ, შევეცადეთ, მათი კვება და ყოფა გაგვემრავალფეროვნებინა… და იცი, მიუხედავად მღელვარებისა, ახირებული მოქცევა დაიწყეს, რაც კარგის ნიშანია! ზოგიერთი ქალი ალცჰაიმერით არის დაავადებული. ისინი ტანსაცმელს არჩევდნენ, თითქოს და, კონკრეტული ფერი სახეს არ უხდებოდა ან სხვა თავშალი უნდოდათ… მათ სახლი ტყვიების ცვენის ფონზე დატოვეს, დაკარგეს საბუთები, პროთეზი, სათვალე, ტელეფონი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი… ყველაფერი! მაგრამ, ქალები ომშიც ქალები არიან.
კერძო თავშესაფრის მკვიდრებმა, ცოტა გონს რომ მოვიდნენ, მოჰყვნენ, როგორ ექცეოდნენ მათ. ეს საშინელებაა! არ არის გასაკვირი, რომ მათ ჩვენთან დარჩენა სურდათ, ვინაიდან აქ სითბოთი და სიყვარულიც ექცევიან. თავიდან ეშინოდათ აღიარება, რომ შარვალში ისვრიდნენ. როგორც აღმოჩნდა, იქ მათ ამისთვის სცემდნენ, ხოლო სპეციალური ჭურჭლისთვის ან საფენისთვის ანაზღაურებას სთხოვდნენ.
მე თავიდან ვერ გავიგე მათი სიფრთხილით დასმული კითხვა, თუ რა ღირდა ეს ყველაფერი, რადგან ისინი ფულის გარეშე იყვნენ დარჩენილნი… მე ძალიან ბევრი რამ ვნახე და მოვისმინე, რისგანაც ადამიანს თმები ყალყზე დაუდგება:
როგორ განაცხადა „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ მძიმედ დაავადებულების ნახვაზე უარი; როგორ არ მიიღეს კიევის საავადმყოფოებმა კოვიდით დაავადებული ხალხი – ფილტვების ანთებით და 40 გრადუსი სიცხით; როგორ ტიროდა მარიუპოლელი სტუდენტი, როდესაც მამის ხმა ორი კვირის მანძილზე პირველად გაიგონა; როგორ თქვა უარი შვილმა დედის წაყვანაზე…
აქვე, საერთო საცხოვრებელში, სადაც მოხუცები დავასახლეთ, სტუდენტებიც არიან დარჩენილნი. მათ უმრავლესობას არსად აქვს წასასვლელი. ომმა ერთად შეყარა მოხუცები და ახალგაზრდები. ისინი გაერთიანდნენ, რათა გადარჩნენ. ნიკოლაიმ (უკრაინული წითელი ჯვრის წევრია) აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა როგორც მოხუცებზე, ისე სტუდენტებზე. ის, ასევე, აკონტროლებს ჰუმანიტარულ დახმარებას.
წესით, ნიკოლაი ახლა უსაფრთხო ადგილს უნდა ეძებდეს, ვინაიდან ის დანგრეული ირპენიდან არის და სასწაულებრივად გადარჩა: მას მოხუცი მამა ჰყავს, ბევრი ქრონიკული დაავადებით, და პარალიზებული დედა, რომელზეც ზრუნავს. თუმცა, ნიკოლაი დარჩა მათთან, ვინც საერთოდ მარტოა. მას კითხვებიც კი არ დაუსვამს. ალბათ, მშობლებმა სწორად აღზარდეს.
მეორეკლასელი შარიკი ყირიმიდანაა; უფროსკურსელი ლიზა – გამხდარი გოგონა ყავისფერი თვალებით – მარიუპოლიდან; ივანი მუშაობს და სწავლობს; კრისტინა, რომელიც ნახევარი გზიდან მობრუნდა ჟიტომირიდანაა.
ისინი მოხალისეები საკუთარი ნების გარეშე გახდნენ, მაგრამ უკვე რამდენიმე დღის შემდეგ მათ თავად დაიწყეს მზრუნველობის გამოხატვა მოხუცების მიმართ. თითქმის, ყველას თავისი ბებო ან ბაბუ მივუჩინეთ. ბიჭები და გოგონები მოხუცებს აჭმევენ.
ამასთანავე, ზოგი სტუდენტი, რომელმაც საერთო საცხოვრებელი დატოვა, რეკავს და ჩხუბობს, რომ მათი ძვირფასი ნივთები უპატრონოდ დარჩა და რომ არ სურთ მოხუცების იქ ყოფნა. სამაგიეროდ, სხვები – ვინც წიგნების წასაღებად დაბრუნდნენ – მოხალისეებს ეუბნებიან, რომ მოხუცებისთვის მათი ოთახებიდან ნებისმიერი საჭირო რამ აიღონ: საკვები, ტანისამოსი, თეთრეული…
ისინი ერთად წევენ პარალიზებულ მოხუცებს, რათა ლარამ და მე ისინი დავბანოთ და პამპერსები გამოუცვალოთ. თავიდან მოხუცები მორცხვობდნენ, მაგრამ, როგორც იქნა, დანებდნენ და ამ პროცედურებს დღეში რამდენიმეჯერ ითმენენ… ისევე, როგორც სტუდენტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ არიან მიჩვეული ამ საქმეს…
ნინამ, როგორც გავიგეთ, 17 ინსულტი გადაიტანა. თითქმის, არ მოძრაობს, ნაწილობრივ გრძნობს მარცხენა ხელს, მარჯვენა უმოძრაო აქვს და ძალიან სტკივა. მისი საუბრის გარჩევა, თითქმის, შეუძლებელია, მაგრამ ის ლოგიკურად მსჯელობს და თან ცდილობს, რომ უკრაინულად ისაუბროს.
თავიდან მისთვის ტანსაცმლის გამოცვლა ძალიან რთული იყო, მაგრამ, მიუხედავად პარალიზებისა, ის ჩვენს დახმარებას ცდილობდა. ეს ყველაფერი მანამდე ხდებოდა, სანამ ილია მას ჩაის დაალევინებდა. შემდეგ მის მოვლაზე პასუხისმგებლობა ილიამ საკუთარ თავზე აიღო. მხოლოდ მაშინ გვეძახდა, როდესაც პამპერსის ამოცმა უჭირდა…
ერთხელაც შევდივარ ნინასთან ოთახში და რას ვხედავ: ილია და ნინა ომზე საუბრობენ. ნინამ უთხრა: „ჩემთვის რომ ტყვიამფრქვევი მოეცათ, ჩემი ხელით მოვკლავდი პუტინს“. ილია კი ეუბნება: „მე კი თქვენ დაგეხმარებოდით!“ ნეტავ, ასეთი დედა და ბებია როგორ შეგიძლია მიიყვანო მოხუცთა თავშესაფარში და მიატოვო?!…
მოხალისე ლარამ ერთ-ერთ მოხუცს გული მოულბო: „თქვენ აუცილებლად გიპოვიან და წაგიყვანენ!“
„-თქვენ ასე ფიქრობთ? იქნებ, არც უნდა მეძებონ. რისთვის შევუშალო ხელი, რისთვის ჩავერიო მათ ცხოვრებაში? მე ხომ მესმის, რომ მათ არ ვჭირდები…“
ამასთანავე, არსებობს სხვა განწყობებიც…
ლიდია ყველაზე სიტყვაძუნწი მოხუცია, მაგრამ ხანდახან სიმღერებსაც კი გვისრულებდა, რითიც ძალიან გვაკვირვებდა, თუმცა, სინამდვილეში, არ გვენდობოდა. მისთვის ტანსაცმლის გამოცვლის უფლებასაც არ გვაძლევდა. ამბობდა: „თქვენ ყველაფერს წამართმევთ და შიშველი დავრჩებიო“. სასწაულებრივად იპოვეს ის მისმა ქალიშვილმა და შვილიშვილმა. ლიდიას ქალიშვილმა ვიდეომიართვა ჩაწერა, რათა მოხალისეებს უფრო გაადვილებოდათ დედამისი წამოყვანა.
ალა კირილოვნა გამუდმებით ღელავდა, იპოვიდნენ თუ არა მას ახლობლები ამდენი გადაადგილების შემდეგ. ყოველდღე ახლებურად ვიცნობდით. ის საუბრობდა თავის ქალიშვილზე, ანაზე, მის ძვირფას შვილიშვილზე, მაგრამ დახმარებას არ ელოდა საკუთარი ვაჟისგან. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ ეძებენ და იპოვიან.
ჩვენთან არიან სამხედროები, რომლებიც გვიცავენ. მართალია, მათი მკაცრი მეთაური გვსაყვედურობდა, რომ არ გადაგვეღო ფოტოები, მაგრამ ჯარისკაცები დაგვახმარა, როცა დაინახა, რომ უკვე ფეხზე ვეღარ ვიდექით. ბიჭები მშვიდად ეპყრობოდნენ მოხუცებს, მათ ახირებებსა და ტირილს. ეხმარებოდნენ, როგორც შეეძლოთ. ისინი ხანგრძლივი ომისთვის მზად იყვნენ. ზოგიერთ მათგანს უკვე დაავიწყდა, რა არის მშვიდობიანი სამოქალაქო ცხოვრება…
ჩემთან ერთად მოხალისეობს ჩემი ასაკის ცოლ-ქმარი. მართალია, ორივე ლავრის მრევლია (ლარისა ლავრაშიც კი მუშაობს), მაგრამ ჩვენ ერთად ვლოცულობთ – ისინი რუსულად, მე – უკრაინულად. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო წითელი ჯვრის ოფისის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელია სრულ განაკვეთზე და იღებს ხელფასს. უკრაინის ეროვნული ფილიალის მოხალისეები ყველაზე ცხელ წერტილებშიც კი ნებაყოფლობით და უფასოდ მუშაობენ.
რამდენიმე დღის წინ ყველაზე მძიმედ დაავადებული პაციენტების ჰოსპიტალიზაცია მოვახერხეთ. კიდევ რამდენიმე წაიყვანეს ნათესავებმა.
ჩემი მთავარი სურვილი დაძინებაა. პირველი რამდენიმე კვირა სირენებიც კი ვერ გამაღვიძებენ“.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge