დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკააშვილმა თავშესაფარი უნგრეთში მოითხოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკააშვილმა თავშესაფარი უნგრეთში მოითხოვოს. საგანელიძე ექსპრეზიდენტს მოუწოდებს, თუკი უდანაშაულოა, ჩამოვიდეს საქართველოში და საკუთარი თავი დაიცვას.
“ის, რომ თავისუფლად დადის ქვეყნიდან ქვეყანაში, გასაკვირი არ არის, რადგან როცა პრეზიდენტი იყო, მაშინაც ჰაერში იყო სულ და იგივეს აგრძელებს ახლაც. ეს მისი ხასიათია, მაგრამ, როგორც ჩანს, უნგრეთი მისთვის უფრო კარგი ადგილია, რადგან ზურაბ ადეიშვილიც იქ ჰყავს შეფარებული და თვითონაც ეძებს თავის ბუდეს, სადაც შეუძლია თავი შეაფაროს. მე მოვუწოდებდი მას, ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში და თუ მართალია, დაიცვას საკუთარი თავი. მჯერა, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის მართალი კაცის მხარეს იქნება და თუ დამნაშავეა, ბუნებრივია, სააკაშვილს შეეშინდება”, – განაცხადა საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში ჩავიდა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვედა. უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიღებული აქვს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები