1000 კილომეტრი, უცხოებთან ერთად, დედასთან შესახვედრად – უკრაინული ისტორია კეთილი დასასრულით
უკრაინელები, რომლებიც ომის დაწყების დროს ისვენებდნენ ან საზღვარგარეთ მუშაობდნენ, ოჯახის წევრებს მოწყდნენ. ეს განსაკუთრებით მძიმე იყო მათთვის, ვისი შვილებიც ოკუპანტების მიერ დაბომბილ ქალაქებში იყვნენ. უკრაინული მედია ერთ-ერთ ასეთ ისტორიას ჰყვება და საბედნიეროდ, მას კეთილი დასასრული აქვს.
9 წლის მაქსიმმა, დაახლოებით, 1000 კილომეტრი გაიარა უცხო ადამიანებთან ერად, რათა ჩერნიჰივიდან კრაკოვში ჩასულიყო. როგორი იყო გზა და როგორ გადაწყვიტა შვილის გაშვება, ვიქტორია უკრაინულ „პრავდას“ უყვება.
„ქალაქიდან გამოსვლა ყოველდღე
სულ უფრო რთულდებოდა“
ვიქტორია შვილს მარტო ზრდიდა. შინ სამსახურის მოძებნა ვერ მოახერხა და ამიტომ, ერთი წლის წინ პოლონეთში წავიდა. შვილი ბებია ნინასთან ჩერნიჰივში დატოვა. ნებისმიერი შესაძლებლობისას, ვიკა უკრაინაში ბრუნდებოდა ხოლმე ან ბიჭუნა მიჰყავდა თან, რათა ცოტა დრო ერთად გაეტარებინათ. ბოლოს ეს ნოემბერში მოხდა. მაშინ მაქსიმმა კრაკოვში ორი თვე გაატარა.
„იანვრის ბოლოს ის უკრაინაში ჩავიყვანე. ვიფიქრე, დაამთავროს ოთხი კლასი და მერე სკოლაში აქ, კრაკოვში შევიყვან-მეთქი. 24 თებერვალს კი, დილის 8 საათზე მან მომწერა, რომ ომი დაიწყო. მე თავიდან არ დავიჯერე, ვიფიქრე, ბავშვი იგონებდა“, – ჰყვება ვიქტორია.
ვიქტორია რამდენიმე სამსახურში მუშაობდა. ამბობს, რომ ახალი ამბების საკითხავი დროც კი არ ჰქონდა. პირველად ომის საშიშროების შესახებ 20 თებერვალს გაიგო.
სამედიცინო შემოწმებისას ექიმმა – როცა გაიგო, რომ ვიქტორია უკრაინიდან იყო – დაიყვირა: „თქვენთან ხომ ომია!“. მაგრამ, მაშინ უკრაინის ბევრ რაიონში ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობდა: სვამდნენ ყავას დილით, ბავშვები მიჰყავდათ სკოლასა და ბაღებში, დადიოდნენ სამსახურში. ასე რომ, ვიქტორიამ მისი სიტყვები არ გაითვალისწინა. შემდეგ კი უკრაინელების ჩვეული ცხოვრება რუსულმა ბომბებმა დაანგრიეს.
„როდესაც ჩერნიჰივის დაბომბვა დაიწყეს, მე ძილი და მოსვენება დავკარგე. მესმის, რომ ხალხს იქ მოვლენების ეპიცენტრში უჭირს, მაგრამ კიდევ უფრო საშინელებაა, როდესაც იცი, რომ შენი შვილი, შენი ცხოვრების არსი შენგან 1000 კილომეტრის დაშორებითაა და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია“, – იხსენებს ქალი.
ყოველღამე მაქსიმს ცივ სარდაფში ეძინა და ეს 25 დღე გრძელდებოდა. ბავშვი უკვე ყველაფერს მიეჩვია. როდესაც დღისით განგაშის სიგნალი ირთვებოდა, ბიჭუნა თავის ზურგჩანთას იღებდა, ბებიასთან და თავის ძაღლთან, ჯიმისთან ერთად თავშესაფარში გარბოდა. იქ ბევრი უფროსი და ბავშვი იყო. ზოგი სიგნალის ჩართვის შემდეგ მიდიოდა, ზოგიც გამუდმებით იქ ცხოვრობდა. ვიქტორიას პირველივე დღეებიდან ესმოდა, რომ ბავშვი ქვეყნიდან უნდა გამოეყვანა, მაგრამ პირდაპირი მატარებელი ჩერნიჰივიდან დასავლეთ უკრაინაში არ იყო.
ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ ქალაქის გასასვლელები დანაღმული იყო და რუსები სამოქალაქო ავტომობილებს ესროდნენ. ბებიაც კატეგორიულ უარს აცხადებდა წასვლაზე, ამიტომ ვიქტორიას უწევდა, თავად მოეძებნა გზა, რათა შვილი გამოეყვანა.
ბემია მაქსიმის ნივთების ასანთის შუქზე აწყობდა
პოლონეთში ვიკა ბევრ უკრაინელ ლტოლვილს დაეხმარა. იცნობდა უკრაინელ მოხალისეებს იქაც და უკრაინაშიც. 20 მარტს დაურეკა ერთ-ერთს კიევიდან.
„ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა ვინმესთან ერთად ჩემი შვილის გამოყვანა ჩერნიჰივიდან. უცებ მოხალისემ ორი ვარიანტი შემომთავაზა: მოხუც ქალთან ერთად ან დედასთან და ორ შვილთან ერთად. მე მეორე ვარიანტი ავირჩიე. იმ დედას ლესია ჰქვია“, – ამბობს ვიქტორია.
მას სწრაფად უნდა ემოქმედა, უკვე საღამოვდებოდა და ბიჭი დილით, 6:00 საათზე დათქმულ ადგილზე უნდა ყოფილიყო. კავშირი ბებიასთან არ ჰქონდა, ამიტომ ვიკამ მეზობლებს მისწერა, რომ შვილისთვის შეეტყობინებინათ გასვლის დრო და ადგილი. როგორც ამბობს, ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა, მაგრამ 21:00 საათზე დარეკა ტელეფონმა. ეს ვიქტორიას დედა იყო, მას დროისა და ადგილის დაზუსტება უნდოდა.
ბიჭუნას ნივთებს ბებიას სანთლის შუქზე ალაგებდა: შუქი, ფანარი ან სანთელი არ იყო. დილით მან მაქსიმი დანიშნულ ადგილზე მიიყვანა.
გზაში რუსები ბავშვებითა და ქალებით სავსე ავტობუსს ესროდნენ
21 მარტს დათქმულ ადგილზე ყველა სკოლის ავტობუსს ელოდებოდა. გამგზავრება მოხალისეებმა უზრუნველყვეს. იმ დღეს მათ 600 ქალი და ბავშვი გაიყვანეს. როდესაც ავტობუსის კოლონამ საავტომობილო ხიდი გადალახა, სროლა დაიწყო.
„ლესია ამბობდა, რომ ძალიან ძლიერად ბომბავდნენ. ადამიანები ძირს იწვნენ. მაგრამ ღმერთმა და მძღოლის ოსტატობამ მგზავრები გადაარჩინა. ყველა ცოცხალია“, – ამბობს ვიკა.
გზა კიევამდე, რომელიც მშვიდობიან დროს 1,5-2 საათს საჭიროებდა, ახლა 8 საათამდე გაიწელა. როდესაც ვიკამ გაიგო, რომ მისი შვილი კიევში იყო, რკინიგზის სადგურზე, ატირდა. ლესია, თავის შვილებთან და მაქსიმთან ერთად, კუპეში მოთავსდა.
მთელი გზა მაქსიმი არ საუბრობდა. იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. ბავშვები ხედავდნენ, როგორ დაფრინავდნენ მატარებლის თავზე რაკეტები.
22 მარტს, 23 საათზე ვიქტორია შვილს კრაკოვის სადგურზე შეხვდა.
„ეს ყველაზე საშინელი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე რთული გადაწყვეტილება – გამეშვა ჩემი პატარა ბიჭუნა უცხო ადამიანებთან ასეთ შორ და საშიშ გზაზე. ახლა მესმის, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე. ძალიან მადლიერი ვარ ლესიასი, რომ ის გადამირჩინა“, – ამბობს ვიქტორია.
ლესია ბავშვებით საფრანგეთში გაფრინდა. ვიკა და მაქსიმი ახლა კრაკოვში ერთად არიან.