“საზარბაზნე ხორცი არ არიან, გენოფონდი პრაქტიკულად დავკარგეთ” – კოკოითი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ექსპრეზიდენტმა უკრაინაში რუსული მხარის მიერ საომრად გაგზავნილ ოს ჯარისკაცებზე საუბრისას თქვა, რომ ისინი საზარბაზნე ხორცი არ არიან და რომ მათ „ელემენტარული პირობები“ უნდა ჰქონდეთ.

ამის შესახებ მან ამომრჩევლებთან შეხვედრაზე თქვა.

„ეს არ არის საზარბაზნე ხორცი. ისედაც ძალიან ცოტა დავრჩით. ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი“, – განაცხადა კოკოითიმ.

კოკოითი მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეიძლება, გამოცდილი სამხედროები დაიღუპონ, მაგრამ ეს ახალგაზრდობა ჯერ ახლა დგება ფეხზე. მისი თქმით, უკრაინაში დაღუპულ ცხინვალელ ახალგაზრდას, ანდრეი ბაკაევს იცნობდა.

„მას შვილი ერთი თვის განმავლობაშიც კი არ სჭერია ხელში. ვაჟი ობლად დარჩა და რამდენი ასეთი იქნება ახლა? მოდით, ამაზე დავფიქრდეთ. მოდით, ამაში მაინც გავერთიანდეთ ჩვენი ბიჭების გადასარჩენად“, – დასძინა კოკოითიმ, თუმცა, იქვე განმარტა, რომ მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

„ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი წააგებს, ჩვენც ყველა ერთად წავაგებთ. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ოსეთში არცერთი ადამიანი არ ამბობს “არას”, პირიქით, ჩვენ ვამბობთ: „დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პუტინს, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს“. ეს არის ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორების მოვალეობა“, – განაცხადა კოკოითმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები