რამდენად ნორმალურია, რომ ბავშვებს პუტინის სიკვდილი სურთ – ფსიქოლოგები აქტუალურ საკითხზე საუბრობენ

24 თებერვალს უკრაინელმა ბავშვებმა გაიღვიძეს სიტყვებით: „ადექი, ომი დაიწყო“. 

ერთ დღეს ბავშვებმა დაკარგეს ცხოვრების ჩვეული წესი. მყუდრო საწოლში ძილის მაგივრად, მათი ღამის გასათევ ადგილად იქცა სარდაფი, მეტრო, აბაზანა ან შემოსასვლელი დერეფანი.

ბავშვები კარგავენ სახლებს, იძულებულნი არიან, დატოვონ ქვეყანა, განიცდიან ახლობლებთან დაშორებას, ეშინიათ მეომარი მშობლების დაკარგვის.

ეს ყველაფერი ძალიან დიდი სტრესია ბავშვის ფსიქიკისთვის.

რატომ არის პუტინის სიკვდილის სურვილი ნორმალური?

თუკი ომის დროს ბავშვს სურს, რომ მოკვდეს აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს, და ამასთანავე, გრძნობს სიბრაზეს – ეს ნორმალურია, თვლიან ფსიქოლოგები.

„ძალიან ხშირად ორმაგ სტანდარტებს ვუწესებთ შვილებსა და საკუთარ თავს. უკრაინაში ახლა, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პუტინის სიკვდილი არ სურს. და რატომ უნდა დავუშალოთ ახლა ეს ბავშვებს? მოწინააღმდეგის სიკვდილის სურვილი საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ ჩვენი ემოციები – არ არის აუცილებელი, რომ ეს აგრესია იყოს, შესაძლოა, თავისებური იუმორიც გახლდეთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, არ დავკარგოთ იმედი. აქედან გამომდინარე, ის, რომ ბავშვი პუტინის სიკვდილს ხატავს – პრობლემას არ წარმოადგენს. როცა ბავშვი რაიმეს ხატავს, ეს უკვე კარგია“, – ამბობს ფსიქოლოგი ალა პეტრივა.

მისი თქმით, ომის დროს ბავშვებს აგრესიისა და შფოთვის გამოვლინება უმძაფრდებათ, შესაძლოა განუვითარდეთ შიშები. ასევე, შესაძლებელია მოხდეს რეაქციებისა და ქცევების რეგრესია, როდესაც ბავშვის ქმედებები არ შეესაბამება მის ასაკს. შესაძლოა მოხდეს ძილის, საჭმლის მონელების, აქტივობის ჩვევების დარღვევა, განუვითარდეთ ქრონიკული დაავადებები – ეს ყველაფერი სტრესზე რეაგირებაა.

„პირველი ემოციური რეაქცია სტრესზე არის შიშების განვითარება. ეს გამოწვეულია სტრესული მოვლენის განმეორების თავიდან აცილების მიზნით. ასევე, ბაშვებსა და დიდებს ომის პირობებში უვლინდებათ ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის შიში. უხეშად რომ ვთქვათ, ბუნკერში ზის ბოროტი ჯუჯა, რომელზეც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული და ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, ამიტომ ბავშვები, ისევე როგორც დიდები, ცდილობენ, რაიმე მაინც აკონტროლონ ცხოვრებაში“, – ხსნის ფსიქოლოგი.

ბავშვი უკეთესად აკონტროლებს ვითარებას, როდესაც ის იგონებს თამაშს, ზღაპარს ან ხატავს.

ასეთ მომენტებში ისინი ხატავენ იმას, რაც უნდათ და როგორც უნდათ. თავად განსაზღვრავენ სიუჟეტს, შეუძლიათ გავლენა იქონიონ ისტორიის ფინალზე – ეს ამშვიდებთ.

„ბავშვებიც და დიდებით განიცდიან სიბრაზეს და ეს ნორმალურია. ეს ჯანსაღი ვითარებაა, როდესაც ბავშვი თავის სიბრაზეს გამოხატავს ნახატებში, თამაშში, სპორტულ აქტივობებში, მღერის სიმღერებს ან უცენზურო სიტყვებს იძახის“, – განმარტა ალა პეტრივამ.

ის, რომ ბავშვის აგრესიის ობიექტი პუტინია – ესეც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ის დამნაშავეა ამ ომში, ბავშვს მისი გვარი ყველგან ესმის.

„პუტინის სახის დამახსოვრება უფრო ადვილია ბავშვისთვის, ვიდრე სხვა რუსი ჯარისკაცის, რომელიც არ უნახავს. ამიტომ მთელი აგრესია პუტინზე მიდის“, – ამბობს ფსიქოლოგი ლილია მილინევსკაია.

ამავდროულად, როგორც ანა პოკროვსკაია განმარტავს, სიკვდილის სურვება ყოველთვის არ არის დაკავშირებული აგრესიასთან.

ომის პირობებში, პატარა ბავშვებს ესმით, რომ ვიღაც კონკრეტულმა მოისურვა ქვეყნისთვის ცუდი.

„ამის გაანალიზებით, ბავშვები ლოგიკურ დასკვნამდე მიდიან, რომ არის ისეთი ადამიანი – სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ჩვენთვის ცუდი უნდა. ამავდროულად, ბავშვები აწყდებიან სიკვდილს, ამიტომ ისინი ლოგიკურ გამოსავლამდე მიდიან, რომ თუკი ეს პრეზიდენტი არ იქნება, მაშინ უბედურება და ომიც არ იქნება“, – ამბობს ფსიქოლოგი.

ბავშვები პუტინის სიკვდილს, როგორც ომის დასრულების გზას, ისე ხატავენ.

„ხანდახან ეს აგრესიაც კი არაა – ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი აიღებს დანას ან იარაღს და ადამიანს მოკლავს. ეს, უბრალოდ, ლოგიკური გამოსავალია, რომ ის საშინელება დასრულდეს, რომელშიც ახლა ადამიანები ცხოვრობენ“, – ამბობს ანა პოკროვსკაია.

როდესაც ბავშვი შურისძიებაზე საუბრობს და ვინმეს სიკვდილი სურს, ის ემოციებს გამოხატავს – სევდას, შიშს, შფოთვას.

„როდესაც მე ძალიან მტკივა, მე ვიგონებ, რომ ჩემს მტერზე გავიმარჯვე, ის ჩემს ფეხებთან წევს და პატიებას მთხოვს. ასეთი რამ ხდება ბავშვებშიც, მაგრამ გაცილებით მძაფრ ფორმაში“, – ხსნის ეკატერინა ჰოლცბერგი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები