„მოგვიყევი, რატომ დაწვი ჩვენი ქალაქი, ის მაინც გვითხარი, რომ ეს განზრახ არ გაგიკეთებია“- ფოტორეპორტაჟი ხარკოვიდან
„ჩვენ სიყვარულის ფოტოგრაფები ვართ“ – ამბობენ საკუთარ თავზე კონსტანტინ და ვლადა ლიბეროვები. ომამდე ისინი საკუთარ ქალაქში საქორწინო ფოტოგადაღებით იყვნენ დაკავებულები.
ადამიანები ომის დროსაც ქორწინდებიან, მაგრამ კოსტია და ვლადა მიხვდნენ, რომ ახლა არ არის საუკეთესო დრო „Love Stories“-თვის.
პირველი მათი მოგზაურობა უკანასკნელი თვის განმავლობაში იყო ნიკოლაევში, შემდეგი – ხარკოვში. ისინი ფოტოებს უღებენ მოხალისეებს, სამხედროებს, ტერიტორიული დაცვის თანამშრომლებს, რიგით მოქალაქეებს.
– ჩვენ ხარკოვში საშინელება არ გვინახავს, – ჰყვება ვლადა, – შიშს გვგრის ეს დანგრეული შენობები და ცარიელი ქალაქი. ჩვენ დანგრეული შენობები ვნახეთ და ადამიანები, რომლებიც დგანან ნანგრევებთან და გეუბნებიან: „დიახ, ჩვენ ყველაფერს ხელახლა ავაშენებთ, ყველაფერი კარგად იქნება“.
…როდესაც სიტყვები არ გყოფნის ვითარების აღსაწერად, მხოლოდ ფოტოები და ლექსები გრჩება.
ჩვენი ქალაქი იყო ქვისა და რკინის.
ყველა ჩვენგანს კი ახლა ხელში ჩემოდანი აქვს.
ყველა ჩემოდანში ფერფლია, რომელიც სამიზნის ქვეშ ავკრიფეთ.
ახლა ჩვენს სიზმრებშიც კი ნამწვის სუნია.
…
მოგვიყევი, რატომ დაწვი ჩვენი ქალაქი.
ის მაინც გვითხარი, რომ ეს განზრახ არ გაგიკეთებია.
გვითხარი, რომ დამნაშავე დაისჯება.
რამე მაინც გვითხარი ისეთი, რასაც ახალ ამბებში არ იტყვიან.
სერგეი ჟაბანი
ხარკოვში დღეს არცერთი უსაფრთხო ადგილი არ არის.
თავისუფლების მოედანზე სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობიდან მხოლოდ ფასადია შემორჩენილი. შიგნიდან შეგიძლიათ ცას შეხედოთ – სახურავი არ არის. ახლა ნანგრევებს ახარისხებენ.
კომუნალური მომსახურების მუშაკები და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები უბრალოდ სუპერგმირები არიან. ისინი ძალიან სწრაფად ალაგებენ ნანგრევებს, ასუფთავებენ ქუჩებს და ამაყობენ თავიანთი შრომით.
ზემოთ მდებარე ფოტოებზე გამოსახულია სალტოვკაში, ხარკოვის რაიონში მდებარე ერთ-ერთი საბავშვო ბაღის სარდაფი, მილებისა და კომუნიკაციების ტექნიკური ოთახი. აქ უკვე ერთი თვეა, მუდმივად 50-მდე ადამიანი ცხოვრობს.
ბომბი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვარდეს და დიდი ალბათობით, ადრე თუ გვიან მაინც ჩამოვარდება – სალტოვკაში დაბომბვა არ წყდება.
ხალხი უარს ამბობს მეტროში გადასვლაზე, სადაც უფრო კომფორტული პირობებია. მას შემდეგ, რაც ამ ხალხმა ერთად გაიარა ჯოჯოხეთი, აქ უკვე ჩამოყალიბდა ადგილობრივი საზოგადოება.
ომამდე იურის ამ საბავშვო ბაღთან საერთო არაფერი ჰქონდა. ის იყო, უბრალოდ, კაცი ქუჩიდან, რომელმაც სარდაფში ორმოცდაათი ადამიანისთვის საცხოვრებელი პირობები მოაწყო. გააკეთა ღუმელი, დააგრძელა გაყვანილობა, დაამონტაჟა საპირფარეშო, დაუკავშირდა მოხალისეებს და უზრუნველყო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ახლა ბევრი საჭმელი აქვთ.
-მოხალისემ მიგვიყვანა სალტოვკაში და გვითხრა: 10 წუთი გაქვთ, თუ 10 წუთში აქედან არ წავალთ, დიდი ალბათობით, სროლის ქვეშ მოვყვებით.
ჩვენს კითხვაზე, „რატომ გამოხვედი გარეთ?” ამ კაცმა გვიპასუხა: „თუ დაიმალები, მთელი დღე სარდაფში მოგიწევს ჯდომა. ჩვეულებრივ, სახლში ვრჩები, ახლა კი, სუფთა ჰაერზე გავედი”.
ბინაში მას არ აქვს გათბობა, დენი, წყალი.
ეს ჩრდილოეთ სალტოვკას რაიონის კიდევ ერთი მცხოვრები. შეეძლო მეტროში ან სარდაფში გადასულიყო, მაგრამ სახლში დარჩენა გადაწყვიტა. სადღაც ღუმელი იპოვა და საჭმლის მოსამზადებლად დასთან წასვლას აპირებს.
ეს ჰორიზონტია, ხარკოვის მიკრორაიონი. გადმოდიხარ მანქანიდან და გრძნობ, რომ ჰაერი კრთის, არა მხოლოდ ბომბებისგან, არამედ დაძაბულობისგანაც.
ეს არის ომის რეალური სახე. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ ადამიანებს ახლა შეუძლიათ, დანგრეული ცხოვრების ნანგრევების გაწმენდაა.
ხარკოვის ცენტრი – მეტრო. სალტოვკას სარდაფებთან შედარებით, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, აქ სიმყუდროვეა. ხალხი მეტროს ვაგონებში სახლდება.
კითხვაზე, თუ რატომ არ დატოვეს ხარკოვი, ისინი პასუხობენ: „რატომ უნდა დავტოვოთ ჩვენი მშობლიური ქალაქი?“. ისინი ქალაქის აღდგენის მომენტს ელოდებიან.
-ეს ფანტასტიკური ადამიანი ტერიტორიული დაცვიდან არის. „გრაფი“ – ასე ეძახიან მას. მან ჩვენი სიცოცხლე იხსნა.
ჩვენ სწრაფად ავითვისეთ ერთი რამ – გესმის სროლის ხმა, წვები, ყურებზე ხელებს იფარებ და პირს ხსნი. თუმცა, ამ მოვლენებს შორის ჯერ კიდევ არ გვაქვს გამომუშავებული რეფლექსური კავშირი. ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვინც დაიყვირებს „დაწექი!“.
სალტოვკაში მოხალისეებთან ერთად ჩამოვედით „ზღარბების“ ჩამოსატვირთად. შორიდან გამუდმებით აფეთქებები ისმის, მაგრამ შევეჩვიეთ.
და რაღაც მომენტში „გრაფი“ უბრალოდ ყვირილს იწყებს: „შიგნით და დაწექით!”. ჩვენ მოვახერხეთ გამაგრებულ სადარბაზოში შევარდნა, იატაკზე დაცემა და თავზე ხელების დაფარება.
„გრაფს“ თავისი ისტორია აქვს. ომის პირველ დღეს წაიყვანა ოჯახი, ცოლი და შვიდი წლის ქალიშვილი ქალაქგარეთ, აგარაკზე. მანქანა მათ დაუტოვა და თვითონ ფეხით დაბრუნდა ქალაქში. წარუმატებლად ჩამოიარა რამდენიმე სამხედრო აღრიცხვის დაწესებულება და გაწვევის ოფისი. მეორე დღეს ტერიტორიულ თავდაცვას შეუერთდა. მან ტელეფონზე გვაჩვენა მეუღლის მიერ გამოგზავნილი მესიჯი ქალიშვილის ნახატით.
მერე შემოგვხედა და გვითხრა: „ბიჭივით ვტიროდი, როცა ეს მესიჯი დავინახე. ახლა გესმით, აქ რატომ ვარ?”
-ესენი არიან მოხალისეები და ჩვენი „გიდები“ ხარკოვში – საშა და დიმა (სურათის ცენტრში), რომლებიც ყოველდღიურად რისკავენ სიცოცხლეს.
ისინი კლასელები და საუკეთესო მეგობრები არიან. ომის დაწყების დღეს ყველა ერთად შეიკრიბა, საშას მშობლებთან ერთად, კერძო სახლში, რადგან ეს სახლი შედარებით უსაფრთხო ადგილას მდებარეობს. დიმას დედა ახლა იქ ცხოვრობს.
ფოტოზე საშას და დიმას მშობლები არიან. ისინი მუდმივად ამ პოზაში სხედან შემოსასვლელში – ყველაზე უსაფრთხო ადგილას დიდ სახლში, კითხულობენ ახალ ამბებს ადგილობრივ ტელეგრამის ჯგუფებში და ელიან შვილებს. ყოველდღე, როცა შვილებს სახლიდან უშვებენ, არ იციან, დაბრუნდებიან თუ არა. ყოველი აფეთქება, რომელიც მათ ესმით, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მათი ბიჭები არ ბრუნდებიან. თავს არ აძლევენ გულგატეხილობის უფლებას, მაგრამ როცა ნერვიულად ხუმრობას წყვეტენ, იგრძნობა, როგორი დაძაბულები არიან.
-შეიძლება, გაგვიმართლა, მაგრამ იმ სამი დღის განმავლობაში, რაც ხარკოვში ვიყავით, ასობით ადამიანიდან, ვისაც ვესაუბრეთ, მხოლოდ 2-3 იყო დემორალიზებული.
ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც პროპაგანდა ან ინსპირაციული კლიშეების ნაკრები, მაგრამ ეს სიმართლეა.
თავდაცვას, ჯარისკაცებს, მოზრდილებს, ბავშვებს, მათ ყველას სჯერათ გამარჯვების და იციან, რომ ისინი უნდა დადგნენ ქალაქისთვის. ეს ემოციური აღმავლობა მართლაც საოცარია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge